კორონავირუსი არ დაუდგინდა არც მეორე პირს, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან დაბრუნების შემდეგ მივიდა
კორონავირუსი არ დაუდგინდა არც მეორე ახალგაზრდას, რომელიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან დაბრუნების შემდეგ მივიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ გაავრცელა.
ლუგარის ლაბორატორიამ ანალიზის უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ანალოგიურად, ორი დღის წინ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ იტალიიდან დაბრუნებულ 30 წლამდე მამაკაცს.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს პირველად აჭარაში საკარანტინო სივრცეში საქართველოს 30 მოქალაქე შეიყვანეს.
საკარანტინო სივრცე გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში გაიხსნა.
„ისინი საქართველოში რისკის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, არიან ჯანმრთელები, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სასტუმროში აბსოლუტურად ნორმალური პირობები აქვთ“ ,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.