კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის განსხვავებულ პროცედურებს ითვალისწინებს
კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის განსხვავებულ პროცედურებს ითვალისწინებს

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხვადასხვა პროცედურებს  ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს.

კონსტიტუციის იმ რედაქციის გათვალისწინებით კი, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ასევე პარლამენტი ირჩევს, თუმცა უზენაესი სასამართლოს წევრთანაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე იმსჯელებს, მისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწევს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. ნინო გვენეტაძე აღნიშნულ პოსტზე პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს 88 ხმით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოს მისი კანდიდატურა  პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შესთავაზა.