კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას ავსტრიის საგარეო უწყება გამოთქვამს
ავსტრიასა და ეუთო-ში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას ავსტრიის საგარეო უწყება გამოთქვამს. სამინისტროს გენერალური მდივანი მიხაელ ლინჰარტი ზალდასტანიშვილს ძვირფას კოლეგად მოიხსენიებს.
„მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო მისი პროფესიონალიზმის, განსაკუთრებული და მეგობრული პიროვნების წინაშე. მადლობა კონსტანტინე შენი მეგობრობისთვის“, – წერს ლინჰარტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს მმართველი დირექტორი მარტინ ლედოლტერი კი ამბობს, რომ ზალდასტანიშვილი ავსტრიის უდიდესი მეგობარი იყო.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ჩემი და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სახელით“, – წერს ლედოლტერი.
ავსტრიაში საქართველოს ელჩი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 25 დეკემბერს გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.