კონკურენციის სააგენტოში ანტიდემპინგის დეპარტამენტის შექმნა 2020 წლისთვის იგეგმება
კონკურენციის სააგენტოში ანტიდემპინგის დეპარტამენტის შექმნა 2020 წლისთვის იგეგმება, რომელიც დაახლოებით 12 თანამშრომლით დაკომპლექტდება.
საქართველოში ანტიდემპინგურ საქმიანობასთან დაკავშირებით მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლის ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პროექტით დგინდება წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიება და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი (ფულადი შენატანი) საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული წესით.
რაც შეეხება პრინციპს, კანონპროექტში ნათქვამია, რომ დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების/ზიანის მიყენების საფრთხის და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ხორციელდება დემპინგური იმპორტის მოცულობის, ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე დემპინგური იმპორტის გავლენის და ამ პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებზე ასეთი იმპორტის გავლენის ანალიზის საფუძველზე.
„ასევე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს წინასწარ გაანგარიშებულ დემპინგურ ზღვარს. დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანის მიყენების საფრთხის განსაზღვრა კი უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ვარაუდებს და დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს, არამედ ფაქტებს, რომ გარემოებების ცვლილებებით შექმნილი სიტუაციის შედეგად დემპინგით გამოწვეული ზიანი აშკარა და გარდაუვალია. თუ ადგილობრივ ინდუსტრიას დემპინგურ იმპორტთან ერთად ზიანს აყენებს დემპინგური იმპორტისგან დამოუკიდებელი სხვა ფაქტორები, დაუშვებელია ამ ფაქტორების მიერ გამოწვეული ზიანის დაკავშირება დემპინგურ იმპორტთან“, – ნათქვამია კანონპროექტში.
მთავრობა განმარტავს, რომ კანონპროექტის მიზანია, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა ანტიდემპინგური იმპორტისგან.
ცნობისთვის, დემპინგი (Dumping) საერთაშორისო ვაჭრობაში გავრცელებული ფასდადების პრაქტიკაა, როდესაც ერთი ქვეყნის კომპანიას პროდუქტი მეორე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს თვითღირებულებაზე ნაკლებ ან საკუთარ ქვეყანაში გასაყიდად დადგენილზე ნაკლებ ფასად.