კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საზღვაო გადაზიდვების სექტორში მოკვლევა დაიწყო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საზღვაო გადაზიდვების სექტორში მოკვლევა დაიწყო.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, თემა ეხება ორი კომპანიის დავას დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე.
„სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სააგენტო გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყებიდან ექვსი თვის ვადაში იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს ორი მოკვლევა დაასრულა: 1. სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სადაც ორი რეკომენდაცია გაიცა და 2. ტურისტულ სექტორში, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე, სადაც დარღვევა დადასტურდა, მოპასუხე კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალა.
ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის სამ საქმეს განიხილავს – საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტს; სათარჯიმნო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების სავარაუდო შემთხვევას და ავტო მომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს.
2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ბუნებრივი/თხევადი აირის საავტომობილო საწვავის ბაზრის და შუშის ნარჩენების ბაზრის მონიტორინგი. ამავე პერიოდში, ოთხი კომპანიის შერწყმაზე გაიცა თანხმობა და მიმდინარეობს საქმისწარმოება ორ საქმესთან დაკავშირებით. მიმდინარე რეჟიმში რჩება – ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად სამი საქმის შესწავლის პროცესი“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.