კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სამშენებლო სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფ/პ „ზაზა გოგოტიშვილის“ და შპს „სიემსის“ მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით თანხმობა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონცენტრაცია სამშენებლო მასალების იმპორტის/ექსპორტის, სამშენებლო და არქიტექტურული მომსახურების ბაზრებს ეხება.
„უწყების მიერ საკითხის შესწავლის პროცესში, შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: საქართველოში 2021 წელს, სამშენებლო ბაზარზე 4132, ხოლო სამშენებლო მასალების ბაზარზე 1694 კომპანია მოქმედებდა, ბაზრის მოცულობა შესაბამისად 6,176 მლრდ ლარს და 5,547 მლრდ ლარს შეადგენდა.
ბაზარი შეფასდა თბილისისა და ბათუმის დონეზეც. სამშენებლო ბაზარზე დედაქალაქში 2021 წელს 2155 კომპანია მოქმედებდა, მთლიანი ბრუნვით 4,103 მლრდ ლარი. იგივე ბაზარზე, აჭარის ცენტრში 554 კომპანია ფუნქციონირებდა – ბაზრის მოცულობით 1,362 მლრდ ლარი.
სააგენტოს შეფასებით, ბაზარი როგორც ქვეყნის, ასევე ქალაქების დონეზე დაბალკონცენტრირებულია და დაგეგმილი ერთობლივი საწარმოს შექმნა ბაზარზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს და ის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს. ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. სააგენტოში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს.
სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში განისაზღვრება ჯარიმა – კომპანიის გასული წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე ოდენობით. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარს შეადგენს. 2022 წელს, სააგენტომ ექვს კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. 2022 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოში 15 395 კონცენტრაცია განხორციელდა“, – აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.