კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მიზეზით 300-მდე განაცხადი მიიღო, საიდანაც 80 პროცენტი ონლაინ ვაჭრობას ეხება
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მიზეზით 300-მდე განაცხადი მიიღო, საიდანაც 80 პროცენტი ონლაინ ვაჭრობას ეხება

პირველი ნოემბრიდან დღემდე მომხმარებლების მხრიდან სააგენტოში შემოსულია დაახლოებით 300-მდე საკითხი სხვადასხვა მოვაჭრის მიმართ უფლების დარღვევის თაობაზე. დაახლოებით, 200-მდე საქმეზე დაიწყო შესწავლა და უმრავლესობა მათგანზე შეიძლება, ითქვას, რომ დასრულებულია, – აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.

ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, სააგენტომ ონლაინ და ფიზიკურ ვაჭრობაზე მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მიზეზით მიღებული 300-მდე განაცხადიდან 80% ონლაინ ვაჭრობას ეხება.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს ამ ფუნქციას გასული წლის პირველი ნოემბრიდან. მომართვიანობაში 80% უჭირავს ონლაინ კომპანიების მიმართ წარმოდგენილ სხვადასხვა პრეტენზიას, დანარჩენი 20% არის ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევები. თემები ძირითადად არის საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ყოველდღიური მოხმარების ტექნიკით ვაჭრობის მიმართულება და ტანსაცმლით ვაჭრობის მიმართულება. ყველაზე ხშირად ამ მიმართულებით მოგვმართავენ.
ჩვენი გადაწყვეტილებებით, ძირითადი ნაწილი მთავრდება შეთანხმებით, დაახლოებით 80%-ზე მეტია ასეთი შეთანხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვაჭრე, მომხმარებელი და კონკურენციის ეროვნული სააგენტო თანხმდებიან – კომპანია ამბობს, რომ მე ვიაზრებ შესაძლო დარღვევის რისკებს, ამიტომ გავასწორებ სავაჭრო პოლიტიკას და აღმოვფხვრი დარღვევის შესაძლო ფაქტს. მაგალითად, დავაბრუნებ ნივთს, შევაკეთებ ნივთს. თანხას დავუბრუნებ, თუ მომხმარებელს არ სურს ნივთის დატოვება და ხელშეკრულებიდან გასვლა, არის მისი სურვილი და ა.შ.” – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბარში ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, თუმცა ჯერ კომპანიების დაჯარიმებამდე საქმე არ მისულა.

„დარღვევის რამდენიმე ფაქტი გვაქვს, თუმცა ჯერ კომპანიების დაჯარიმებამდე საქმე არ მისულა, რადგანაც მათ აქვთ მიცემული გონივრული ვადა, რომ აღმოფხვრან აღნიშნული საკითხები. რამდენიმე მიმართულებით დავადგინეთ სტანდარტი. ეს ეხება ინფორმირების სტანდარტის დადგენას, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელთა ინფორმირების დონე უნდა იყოს ამაღლებული კონკრეტული კომპანიების მიმართ. მეორე არის მენიუს და, ზოგადად, მომსახურების ქართულ ენაზე მიწოდების სტანდარტი. ვინმე თუ განაცხადით შემოვა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში და გვეტყვის, რომ რომელიმე მოვაჭრე ამას არ იცავს, ეს იქნება ჩვენი მხრიდან რეაგირების საგანი, და ასევე, ფასის მითითების სტანდარტი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფასს არ უთითებენ კონკრეტული მოვაჭრეები კონკრეტულ პროდუქტებზე. ჩვენი გადაწყვეტილებით, ისინი ვალდებულნი არიან, და მომხმარებელს უფლება აქვს, იცოდეს კონკრეტულ პროდუქტზე ფასი. ამიტომ თუ ასეთი განაცხადიც შემოვა, ბუნებრივია, კომპანიებს მიეთითება შესაძლო დარღვევის რისკების შესახებ და უნდა აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა.

უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ხდება გაფრთხილება და გონივრული ვადის მიცემა. თუ ამის შემდეგ კომპანია არ აღმოფხვრის აღნიშნულ დარღვევას, სანქცია მოიცავს ორ პროცენტამდე წინა წლის ფინანსური ბრუნვის მოცულობის ჯარიმის დაკისრებას. თუმცა ჯერ ასეთი შემთხვევა არ გვქონია”, – ამბობს ლექვინაძე.

ამასთან, კითხვაზე, რა სახის პრობლემებია ონლაინ ვაჭრობის დროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ შემთხვევები მრავალმხრივია.

„ჩვენ ვრეაგირებთ მხოლოდ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით და აქ კანონმდებლობა განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს. საკითხი კანონმდებლობის კომპეტენციებს თუ ცდება და არის თაღლითობა ან რაიმე ტიპის სხვა ისეთი შემთხვევა, რომელიც სხვა უწყებების კომპეტენციაა, ბუნებრივია, ვუზიარებთ მათ ამ ინფორმაციას, რომ შემდგომი რეაგირება განახორციელონ.

ყოფილა ასეთი შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ვალდებულებებს არ ასრულებს კომპანია და გარდა იმისა, რომ ვალდებულებებს არ ასრულებს, გარკვეული თაღლითური მოქმედებებიც შეინიშნებოდა. ჩვენ, გარდა იმისა, რომ ვიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, ამ ინფორმაციას ვუგზავნით შესაბამის უწყებებს”, – განმარტა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.