კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში მოკვლევის შემდეგ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში მოკვლევის შემდეგ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სწრაფი კვების მომსახურების სექტორში მოკვლევის პროცესი დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხებოდა შპს „წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას – შპს „მექსიკური ჰოთდოგი წერეთელზე“ და შპს „მექსიკური წერეთელზე N1“-ის მიმართ.

„მოკვლევის შედეგად დადასტურდა მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ორ კომპანიას  („მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და „მექსიკური წერეთელზე N1“) შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. მხარეებს უფლება აქვთ, სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2023 წელს სააგენტომ დაასრულა ხუთი მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედებისა და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, ერთ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, სამ შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მოკვლევა ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.

ამავე პერიოდში ექვს საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის სააგენტო ოთხ საკითხთან მიმართებით მოკვლევის პროცესს აწარმოებს – ფარმაციის, კინოთეატრების ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომებისა და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით“, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.