კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ერთი წლის განმავლობაში მომხმარებლის დაცვის მიმართულებით 462 განაცხადი განიხილა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 2022 წლის 1-ელ ნოემბერს განაცხადების მიღება და განხილვა დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში – 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე სააგენტოში 462 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 251 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.
ერთი წლის განმავლობაში კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 117 საქმეზე 77 შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის 65 საქმეზე გაფორმებულ 41 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.
აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი 53 საქმეზე, ხოლო შვიდ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 6 მოვაჭრეს 17 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა. ამ დროისთვის დარღვევის დადასტურების 12 საქმეზე ცხრა შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია.
მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 64% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 36% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 86%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა – 6% და იმერეთი – 4%.
მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე 144 განაცხადი დაფიქსირდა, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე – 140, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 48, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე – 24, ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდებაზე – 16, ხოლო სხვა დანარჩენზე – 90.
საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 65%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება – 16%-ს, მშენებლობა – 5%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 4%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობის წილი 10%-ია.
ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან ორი წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.