საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტომ 2021 წელს, ხუთი მოკვლევის საქმე და ერთი ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. მათივე ცნობით, მომზადდა კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების ერთი ანგარიში, ასევე, სამ კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა.
როგორც აღინიშნა, საანგარიშო პერიოდში გაცემული იქნა ჯამში 14 რეკომენდაცია, მათ შორის 13 ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაჯანსაღების მიმართულებით.
„პანდემიური წლის მიუხედავად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, უფრო გააქტიურდა თანამშრომლობა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან და შესაბამისად, გაძლიერდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა. გასულ წელს დავასრულეთ 5 მოკვლევა, საიდანაც სამი საქმე ეხებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტს. ორ მათგანში დარღვევა დადგინდა: პირველი – მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედ ორ მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალა. მეორე – კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის სფეროში მოქმედ კომპანიას დაევალა სარეკლამო პოლიტიკის წარმოება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკის გარეშე. მესამე – ორი ტურისტული კომპანიის დავაში დარღვევა არ დაფიქსირდა.
2021 წელს, წარმოებული მოკვლევებიდან, მეოთხე ქეისი შეეხებოდა კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედების გამოვლენას, რომლებიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას. საქმისწარმოება მიმდინარეობდა 7 კომპანიის მიმართ. ოთხი კომპანიის შემთხვევაში ფაქტი დადასტურდა და შესაბამისი სანქციები დაეკისრათ. მეხუთე ქეისი შეეხებოდა სახელმწიფო უწყების მხრიდან გამოცხადებულ ტენდერში კონკურენციის შეზღუდვის ფაქტს. დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტოს მიერ გაიცა რეკომენდაცია.
ამავე პერიოდში, სამი საქმის შემთხვევაში სააგენტომ დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სააგენტოს შეფასებით, ერთ საქმეში არ დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მეორე საჩივართან მიმართებით სატენდერო დოკუმენტაციის კონკურენციის კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და სამ საკითხთან დაკავშირებით – სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენება“, – აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ორი საქმის მოკვლევის პროცესი.
„ერთი სათარჯიმნო სექტორში – დომინატური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების ფაქტის გამოვლენაზე. მეორე – სადაზღვევო/ჰოსპოტალურ სექტორში არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენაზე. ასევე, მიმდინარე რეჟიმშია სამი საქმის განხილვა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან ერთად: სემეკთან – ჰიდროელექტროსადგურისთვის წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით. კომუნიკაციების კომისიასთან ერთად – სატელევიზიო არხების ტრანსლირების საფასურთან დაკავშირებით და ეროვნულ ბანკთან – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით საგადახდო მომსახურების ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2021 წელს დაასრულა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი. წარმოდგენილი იქნა ბაზრის ფაქტორივი მონაცემები და შეფასებები. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გაიცა: პირველი რიგის – 11 და მეორე რიგის 2, სულ 13 რეკომენდაცია. სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა მედიკამენტების საცალო ფასები, ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების და ქვეყანაში ბაზრის სტრუქტურის, ასევე საკანონმდებლო რეგულირების ანალიზის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიზანია მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.
საანგარიშო პერიოდში, ორ კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა: საყოფაცხოვრებო ნივთების ვაჭრობის სფეროში და წასახემსებელი პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების მიერ დაგეგმილ გაერთიანებაზე. ასევე, განვიხილეთ ერთი განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობა, რომელიც სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, კომპანია დაჯარიმდა და კონცენტრაცია იქნა დადასტურებული. საკითხი ეხებოდა გათბობისა და შესაბამისი წყალგაყვანილობის, მათთან დაკავშირებული სისტემების ბაზარს. ამავე პერიოდში, სააგენტომ რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების მიერ, 2021 წელს განხორციელებული სულ 21 423 კონცენტრაცია განიხილა. მათ შორის, გამოვლინდა 5 კონცენტრაცია, რომელიც სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა და კომპანიების მიმართ დაწყებულ იქნა შესაბამისი საქმისწარმოება“, – აღნიშნა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.
სააგენტოში განმარტავენ, რომ გრძელდება საავტომობილო საწვავის ბაზარზე მონიტორინგი.
„ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების და შიდა ბაზარზე არსებული ტენდენციების შეფასების მიზნით, 2021 წელს კვარტალური შუალედური ანგარიშები გამოქვეყნდა და ეს პროცესი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ასევე შერჩეული იქნება ახალი ბაზრები, სადაც სააგენტო მონიტორინგს განახორციელებს. ამ დროისთვის მიმდინარე რეჟიმშია 16 სასამართლო საქმე. 2014 წლიდან დღემდე დასრულდა 9 სასამართო საქმე და სააგენტოს გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შევიდა. 2022 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერება, დემპინგის პრევენციის მიმართულებით ბიზნეს კომპანიებთან აქტიური მუშაობა, პარლამენტის მიერ მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ მისი აღსრულებისთვის უწყების მომზადება იქნება. განახლებული კანონმდებლობის და ახალი ფუნქციების ფარგლებში, უწყება, 2022 წელს მიიღებს ახალ საორგანიზაციო და საკომუნიკაციო სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კონკურენციის სააგენტოს რებრენდინგი“, – აცხადებენ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.