კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს
ადამიანური რესურსების განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, კონკურენციის სააგენტო დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას განაგრძობს. ამ თემებზე სასაუბროდ სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს, სააგენტოს მიერ მომზადებულ ინიციატივებს, კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს მიერ განხორციელებულ და მიღწეულ შედეგებს.
„2014 წლიდან დღემდე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულია არაერთი მნიშვნელოვანი ბაზრის მოკვლევა და მონიტორინგი. თქვენთვის ცნობილია არაერთი მათგანი, მათ შორის საწვავის, რითეილის, ფარმაციის და სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ეგზავნება სხვადასხვა უწყებას, მიმდინარეობს მათი იმპლემენტაცია და ეს ნიშნავს ბაზარზე უფრო მეტ კონკურენციას და უფრო მეტი სწორი თამაშის წესების დამკვიდრებას. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დონორების მხარდაჭერით ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩვენი კანონმდებლობის დახვეწა და განვითარება. ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის აღსრულების ფუნქციის განხორციელება, რომელიც სრულიად ახალი ფუნქციაა და ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობს.
ვფიქრობთ, რომ, დონორების მხარდაჭერით, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, რომელიც რეალურად აისახება კონკრეტულ ბაზრის მონაწილეზე და, მეორე მხრივ, მომხმარებლებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი უწყების არსებობა, რათა საკუთარი უფლებები კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იქნას დაცული. მე შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში არსებული პროცესები, ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, აბსოლუტურად შეესაბამება და ჰარმონიზებულია ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ მხრივ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განხორციელებული. რაც შეეხება დღევანდელ შეთავაზებებს, ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა იმაში, რომ ცნობიერების ამაღლების პროცესები განვახორციელოთ მოსახლეობაში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და ვფიქრობთ, დონორებთან ერთად, არაერთი განგვიხორციელებია და კიდევ არაერთს განვახორციელებთ ამ მიმართულებით. ასევე, არაერთი პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით, ჩვენთვის იყო ძალიან ღირებული, რადგან მსოფლიოში ძალიან აქტუალურია საკითხები, რომლებიც უკავშირდება კონკურენციას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.