კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო (სტივიდორული) მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016-2019 წლებს.
სააგენტოს შეფასებით, 2016-2019 წლების მიხედვით, მთლიანობაში, სატერმინალო მომსახურების ბაზარზე კონკურენტული გარემოა. ზრდადია აღნიშნულ ბაზარზე მოქმედი სუბიექტების ერთობლივი ბრუნვა (77%-ით), გადამუშავებული საკონტეინერო ტვირთების რაოდენობა (68%-ით) და დასაქმებულთა რაოდენობაც (13,5%-ით). ამასთან, მომსახურების ტარიფები უცვლელი იყო.
„ზრდადი იყო ეკონომიკური საქმიანობის მაჩვენებლები ავტოსატრანსპორტო მომსახურების ბაზარზეც, კერძოდ: ეკონომიკური აგენტების ერთობლივი ბრუნვა 194%-ით, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 62%-ით (TEU განზომილებაში 11-ჯერ), დასაქმებულთა რაოდენობა 16%-ით.
2016 წლიდან ფაქტობრივად არ შემცირებულა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ოპერირებადი საზღვაო ხაზების რაოდენობაც და 2019 წლის ჩათვლით, მათი მაჩვენებლებიც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ერთობლივი ბრუნვა 73,5%-ით, ცალობით ჩატვირთული და გადმოტვირთული კონტეინერების რაოდენობა 167%-ით და დასაქმებულთა რაოდენობა 2%-მდე. საზღვაო ხაზებს სრული შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი სურვილის შესაბამისად, აირჩიონ საკონტეინერო ტვირთების მომსახურე სატერმინალო კომპანიები და ტერმინალებში ტვირთის გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.
საპორტო (სტივიდორული) მომსახურების ბაზარზე 100%-იანი დომინანტური მდგომარეობა უჭირავს სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“. 2016-2019 წლებში იზრდებოდა მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები: ერთობლივი ბრუნვა 55%-ით, თითქმის გაორმაგდა შემოტანილი და გადაზიდული საკონტეინერო ტვირთების მოცულობაც, ხოლო მომსახურების ტარიფები უცვლელია.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მიღწეული პოზიტიური შედეგების მიუხედავად – სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ უკანასკნელ წლებში გატარებული მთელი რიგი კომპლექსური და პრევენციული ღონისძიებებისა, ჯერ კიდევ პრობლემურია უსაფრთხოებასთან და სხვადასხვა ინციდენტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს სხვადასხვა სახის დამატებითი აქტივობებით, რაც არ შეიძლება იყოს დაკავშირებული შესაბამის ბაზრებზე კონკურენციის შეზღუდვასთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაფართოების მიმართულებით ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაგეგმილი მასშტაბური საინვესტიციო პროექტები, მათ შორის ტერმინალის გაფართოება და ახალი ნავმისადგომების აშენება, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას, ტექნიკურ მოდერნიზაციას და, საბოლოო ჯამში, მისი საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას.
„სატერმინალო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობის შეფასებით, სააგენტოს გადაწყვეტილება სატერმინალო ბიზნესსა და კონკურენტულ გარემოზე პოზიტიურად აისახა. შესაბამისად, საკონტეინერო ტვირთის გადამზიდავებს საშუალება მიეცათ – ტვირთის დამუშავებისთვის მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ტერმინალი თავისუფლად აირჩიონ და არ განხორციელდა მომსახურების ფასების ზრდა. მათივე განმარტებით, აღნიშნული მომენტისთვის, შესაბამის ბაზრებზე, კონკურენტული გარემოა.
შეგახსენებთ, 2016 წელს სატერმინალო მომსახურების ბაზარზე მოქმედი 14 ეკონომიკური აგენტის საჩივრის საფუძველზე, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, სააგენტომ მოკვლევა განახორციელა. საკითხის შესწავლის დასრულებამდე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ აკრძალა კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიჩნეული კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემისა და საპორტო მომსახურების ახალი კომბინირებული ტარიფის ამოქმედება. მოკვლევის ფარგლებში, კონკურენციის სააგენტოს მიერ გაიცა რეკომენდაციები – გამორიცხულ იქნას თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვა. უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ტექნიკური სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით ჩატარდეს საჭირო ღონისძიებები. განხორციელდეს – ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და საბაჟო საწყობებთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
2020-2021 წლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ხუთი სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგი დასრულდა“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.