კონგრესში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, აშშ უკრაინას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერებაში დაეხმარება
აშშ-ის კონგრესში უკრაინასთან პარტნიორობის კანონპროექტი წარადგინეს, სადაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზეა საუბარი.
კონგრესის სენატში ორპარტიული ჯგუფის მიერ წარდგენილი უკრაინის დიპლომატიური მხარდაჭერის კანონპროექტი მოიცავს სტრატეგიას, თუ როგორ დაეხმარება ვაშინგტონი კიევს შავი ზღვის მთავარ ქვეყნებთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, თურქეთთან და საქართველოსთან დიპლომატიური, ეკონომიკური, ენერგეტიკული და საზღვაო ურთიერთობების გაძლიერებაში.
კანონპროექტის მიხედვით, აშშ-მა უნდა დანიშნოს სპეციალური დესპანი უკრაინის საკითხებში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების ხელშეწყობა იქნება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინის მსგავსად, რუსეთის მიერ შავი ზღვის მილიტარიზაციის ზრდის გავლენის წინაშე არიან.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების და სამხედრო დახმარების სახით, ყოველწლიურად 304 მილიონი დოლარის გადაცემას.