კონგრესში მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს ჰყავთ, დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას აშშ-ის ფედერალური კანონით აკრძალული ნივთიერებების ნუსხიდან ამოღებას ითვალისწინებს. პროექტს მხარი 224 კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო 164 წინააღმდეგი წავიდა.
პროექტის მიხედვით, მარიხუანას გაყიდვიდან ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ნარკომოვაჭრეთა მიერ დაზარალებულთა დასახმარებლად და იმ პირთა ნასამართლეობის გასაუქმებლად უნდა დაიხარჯოს, რომლებიც მარიხუანას შენახვისა და ვაჭრობის მუხლით დააკავეს და ძალადობაში არ არიან ბრალდებულები.
კანონპროექტის ამოქმედებისთვის მას მხარი კონგრესის ზედა პალატამაც უნდა დაიჭიროს და შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
ამჟამად, აშშ-ის 38 შტატში მარიხუანას მოხმარება სამედიცინო მიზნით, ხოლო 15 შტატში და კოლუმბიის ოლქში რეკრეაციული მიზნით არის დაშვებული.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გაერო-მ მარიხუანა საშიში ნარკოტიკული ნივთიერებების ნუსხიდან ამოიღო. ამასთან, გაერო-ში განაცხადეს, რომ მარიხუანას მოხმარების დაშვების გადაწყვეტილება ცალკეული სახელმწიფოების მთავრობის კომპეტენციაში დარჩება.