კონგრესმენმა ბრაიან მასტმა ბლინკენს მიმართა - USAID და სხვა სააგენტოები თითოეული გრანტის შესახებ ვიდრე არ შეგვატყობინებენ, არცერთი დოლარი არ უნდა მოგცეთ, ხშირ შემთხვევაში წარმოდგენა არ გაქვთ, სად მიდის ფული
კონგრესმენმა ბრაიან მასტმა ბლინკენს მიმართა - USAID და სხვა სააგენტოები თითოეული გრანტის შესახებ ვიდრე არ შეგვატყობინებენ, არცერთი დოლარი არ უნდა მოგცეთ, ხშირ შემთხვევაში წარმოდგენა არ გაქვთ, სად მიდის ფული

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა გასულ კვირას მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა SIGAR-ის (სპეციალური გენერალური ინსპექტორი ავღანეთის აღდგენისთვის) ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი აშშ-ის მთავრობის მიერ თანხების გამოყენება.

„სააგენტოები და „ენჯეოები“ იღებენ გრანტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვიდრე USAID და სხვა სააგენტოები არ დაიწყებენ ჩვენს ინფორმირებას თითოეული გრანტის, ქვეგრანტის შესახებ, ჩვენ თქვენ არცერთი დოლარიც კი არ უნდა მოგცეთ. მტკიცებულება, რატომ არის ეს ასე, არის ის, რომ მეტისმეტდ ხშირ შემთხვევაში წარმოდგენა არ გაქვთ, სად მიდის ფული“, – განუცხადა მასტმა ბლინკენს კონგრესში გამართულ მოსმენაზე.

კონგრესმენმა მაგალითად მოიყვანა ინფორმაცია, რომ ნეპალში ათეიზმის გავრცელებისთვის ნახევარი მილიონი დოლარის გრანტი გაიცა. მისი თქმით, თავდაპირველად ეს აშშ-ის მთავრობამ უარყო, თუმცა მოგვიანებით აღიარა და განაცხადა, რომ გრანტის დანიშნულება არასწორად იყო გაგებული.

„ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ თქვენ, ყველამ არ იცოდით, სად მიდიოდა აშშ-ის გადასახადის გადამხდელების ფული, რომელიც იქ გაგზავნეთ. მე წავიკითხე ბოლო 24 საათში SIGAR-ის ანგარიში და ვნახე თანხის ოდენობა, რომელიც უშუალოდ „თალიბანმა“ მიიღო. ეს არ არის მისტიკა. ეს არ არის საკამათო რამ. ეს არის ფაქტი. ფული იმ სააგენტოებისგან, რომლებთანაც სახელმწიფო თანამშრომლობს, მიდის პირდაპირ „თალიბანთან“ , – განაცხადა ბრაიან მასტმა.

მისი განმარტებით, აღნიშნულ ანგარიშში დაკონკრეტებული იყო 144 პარტნიორი, თუმცა მათგან მხოლოდ 65-მა უპასუხა ინსპექტორის შეკითხვას, სად წავიდა გამოყოფილი თანხები.

საპასუხოდ, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა: „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ფული პირდაპირ არ მიეწოდება „თალიბანს“. ის მიდის გაერო-ში, არასამთავრობო ორგანიზაციებში“. კონგრესმენმა კი ბლინკენს მიმართა: „ახლა თქვენ ეუბნებით ტყუილს ამერიკელ ხალხს. ეს თანხები მიდიოდა პირდაპირ მათთან, ვისაც სთხოვეს ამის გაკეთება, ე.წ. განმახორციელებელ პარტნიორებთან და მათ პირდაპირ გადაუხადეს ფული „თალიბანს“. ზოგჯერ მათ ეს გააფორმეს, როგორც გადასახადები, ზოგჯერ – როგორც დამატებითი ღირებულების გადასახადები, ზოგჯერ აფორმებდნენ სხვა რამედ, თუმცა ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ეს ფული არ მიდიოდა პირდაპირ „თალიბანთან“. აღნიშნულთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს თანხა არ მიდიოდა პირდაპირ „თალიბანთან“.