გვწამს, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ის ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე, საქართველოსთვის კარგია, შემცირდეს სავაჭრო ბარიერები და გაიზარდოს ვაჭრობის შესაძლებლობები,- ამის შესახებ კონგრესმენმა პიტერ როსკამმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეების – პიტერ როსკამისა და დევიდ პრაისის მიერ ინიცირებულ ორპარტიულ წერილს შეეხო, რომლითაც, კონგრესმენები აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით მიმართავენ.
„ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მტკიცე ერთგულება აშშ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ურთიერთობა ძალიან მტკიცეა და გვსურს, ის კიდევ უფრო გავაფართოვოთ. მოხარული ვარ, რომ ჩემს კოლეგასთან, დევიდ პრაისთან ერთად ვუწევ ადვოკატირება აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რადგან გვწამს, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ის ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე, საქართველოსთვის კარგია, შემცირდეს სავაჭრო ბარიერები და გაიზარდოს ვაჭრობის შესაძლებლობები. შედეგად, იქნება არა მხოლოდ უფრო მეტი კომერციული საქმიანობა, არამედ უფრო ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული ალიანსიც“,- განაცხადა პიტერ როსკამმა.
მისივე თქმით, კონგრესმენები აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობენ.
„ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა საქართველოში და ვიცით, რომ ეს საკვანძო სტრატეგიულ ინტერესები ადმინისტრაციის დონეზე კარგად არის გააზრებული. ჩვენ ვაყალიბებთ საფუძველს სწორედ ამისთვის, რადგან ეს არის კონგრესი, რომელიც ასეთი ურთიერთობების ინიცირებას ახდენს. ჩვენი არგუმენტი ისაა, რომ კონგრესში წარმოდგენილი ორივე პარტია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების იდეის ირგვლივ ერთიანდება“,- განაცხადა კონგრესმენმა.
აშშ-ის კონგრესმენებმა 26 ივნისს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს ორპარტიული წერილით მიმართეს.
წერილის ინიციატორები არიან აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე, კონგრესმენი პიტერ როსკამი (რესპუბლიკელი-ილინოისი) და თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი (დემოკრატი-ჩრდილოეთ კაროლინა). წერილს ხელს აწერს 30კონგრესმენი.
„ჩვენ, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ძლიერი მხარდამჭერნი მოგიწოდებთ, რომ აქტიურად განვიხილოთ საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება”, – აღნიშნულია წერილში.
წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო მდებარეობა ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის.
„საქართველო წარმოადგენს ცენტრალური აზიის რვა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს კარიბჭეს, რაც ჯამში 120 მილიონ მოსახლეობასა და 300 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკას მოიცავს. საქართველოზე ასევე გადის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული ენერგომომარაგების მარშრუტი”, – აღნიშნავენ კონგრესმენები.
კონგრესმენები ხაზს უსვამენ საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს, განსაკუთრებით საგადასახადო და მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწის მიმართულებით, რაც ინვესტირებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. მათი განმარტებით, აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება, კიდევ უფრო გააძლიერებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებას რეგიონში. იგი ამერიკული კომპანიებისათვის შექმნის საქართველოში ინვესტირების მეტ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხოებას. – ნათქვამია წერილში.
„რეგიონზე ნეგატიური ეკონომიკური ზეწოლის პირობებში, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ ეკონომიკური და სავაჭრო სახის დესტრუქციული ქმედებების გზით წარმოებული აგრესიით, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმება არასდროს ყოფილა ასე ღირებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროპიდან და ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანზიტის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით”, – აღნიშნავენ კონგრესმენები.
წერილში ხაზგასმულია, აშშ-სა და საქართველოს მნიშვნელოვანი მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა; საქართველოს მიერ ბოლო ორ ათწლეულში, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების სფეროში მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი; ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი; ასევე, კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოს წამყვანი როლი.
„ორმხრივი სავაჭრო შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ღრმა კავშირებს”, – ნათქვამია წერილში.
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.