ამერიკული მედია - კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლა ათობით ამერიკელი კანონმდებლის ბოიკოტის ფონზე გაიმართა
კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლა ათობით ამერიკელი კანონმდებლის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
როგორც CNBC News-ი აღნიშნავს, ისრაელის ლიდერის მიმართვას ბოიკოტი კონგრესის 30-ზე მეტმა წევრმა გამოუცხადა.
„ასოშიეთიდ პრესი“ კი წერს, რომ ბოიკოტი გამოაცხადეს 60-ზე მეტმა დემოკრატმა და დამოუკიდებელმა სენატორმა, ბერნი სანდერმა.
ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლას არ ესწრებოდა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც სენატის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. კამალა ჰარისის ცნობით, ის კონგრესში ისრაელის პრემიერის გამოსვლას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო ვერ დაესწრო.
ისრაელის ლიდერის კონგრესისადმი მიმართვას არ ესწრებოდა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსიც, რომელმაც მიზეზად ასევე საარჩევნო კამპანია დაასახელა.
ამასთან, კონგრესში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიუაჰუს სიტყვით გამოსვლის დროს მიჩიგანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, რაშიდა თლაიბს ხელში ეკავა პლაკატი წარწერით: „გენოციდში დამნაშავე“, „ომის კრიმინალი“. თლაიბი კონგრესის პირველი პალესტინელ-ამერიკელი წევრია.
კანონმდებლების ნაწილის ბოიკოტის მიუხედავად, ნეთანიაჰუ სხდომათა დარბაზში აპლოდისმენტებისა და ოვაციების თანხლებით შევიდა. ისრაელის პრემიერის მიმართვის დროს კონგრესში იმყოფებოდნენ „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები, ასევე, ტყვეობიდან გათავისუფლებული ნოა არგმანიც.
აღსანიშნავია, რომ ნეთანიაჰუს გამოსვლას დაესწრო ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც.
ნეთანიაჰუს გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმის შენობის გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რა დროსაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ეს კონგრესისადმი ნეთანიჰუს მეოთხე მიმართვა იყო.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ნეთანიაჰუს დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, ვიცე-პრეზიდენტთან, კამალა ჰარისთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან.