კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის დაკავებულ 37 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის დაკავებულ 37 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მათგან სამი აშშ-ის მოქალაქეა, ასევეა ბრიტანეთის, ბელგიისა და გერმანიის თითო მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ მაისში პრეზიდენტის სასახლეზე და პრეზიდენტის მოკავშირის სახლზე თავდასხმის ხელმძღვანელობა. თავდასხმის დროს მოკლეს წარმოშობით კონგოელი აშშ-ის მოქალაქე კრისტიან მალანგა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება შეთქმულების ლიდერად მოიაზრებდა, ასევე, კიდევ ხუთი ადამიანი.
სიკვდილმისჯილთა შორის არის მალანგას ვაჟი, აშშ-ის მოქალაქე მარსელი, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ მამამისი მოკვლით დაემუქრა, თუ ის მის გეგმაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სასამართლოს წინაშე სულ 51 ადამიანი წარდგა, მათგან 14 გაამართლეს და გაათავისუფლეს.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სასიკვდილო განაჩენი, ბოლო 20 წელზე მეტია, არ აღსრულებულა, სიკვდილმისჯილები კი სამუდამო პატიმრობაში იმყოფებიან. მთავრობამ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მიმდინარე წლის მარტში გააუქმა, თუმცა განაჩენი არ აღსრულებულა.
კინშასაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 19 მაისს განხორციელდა. შეიარაღებული პირების ჯგუფი ჯერ – პარლამენტის სპიკერის სახლს, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციას დაესხნენ თავს. მოგვიანებით არმიამ გამოაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია.