კონფიდენციალური ანგარიშის მიხედვით, „ბრექსიტის“ შემდეგ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება
„ბრექსიტის“ შემდეგ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, იმის მიუხედავად, რა სახის სავაჭრო შეთანხმებას დადებს ქვეყანა ევროკაშირთან. უარეს შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8%-ით შემცირდება, – ასეთი პროგნოზი კეთდება ბრიტანეთის მთავრობისთვის მომზადებულ კონფიდენციალურ ანგარიშში, რომლის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. დოკუმენტში შესაძლო სცენარებია განხილული:
– დაანგარიშებით ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა მომდევნო 15 წლის განმავლობაში, შესაძლოა, 8 %-ით შემცირდეს, თუ ქვეყანა ბრიუსელთან ხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ვერ შეძლებს.
– საუკეთესო შემთხვევაში, ბრიტანეთი როგორც არაწევრი ქვეყანა თუ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომას შეინარჩუნებს, კლება მხოლოდ 2 % იქნება.
– თუ დიდი ბრიტანეთი შეძლებს ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ევროკავშირთან, მაგრამ არ ექნება წვდომა ერთიან ბაზარსა და საბაჟო კავშირთან, ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევზე 5 %-ით ნაკლები იქნება.
– დიდი ბრიტანეთის ახალი სავაჭრო შეთანხმებები აშშ-სთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება ევროკავშირიდან დაკარგული შემოსავლის დასაბალანსებლად.
– „ბრექსიტი“ ბრიტანეთის ეკონომიკის თითოეული სექტორზე უარყოფითად აისახება, გარდა სოფლის მეურნეობისა. ასევე ლონდონის როგორც ფინანსური ცენტრის სტატუსი მნიშვნელოვნად შეირყევა.