კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ დასწრება ყველა დარეგისტრირებულ პირს შეუძლია
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ დასწრება ყველა დარეგისტრირებულ პირს შეუძლია

თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ყოველთვის ღია არის მედიის წარმომადგენლებისთვის, მასზე დასასწრებად არავინ შეგვიზღუდავს, – ამის შესახებ კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ევგენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონფერენციაზე დასასწრებად მხოლოდ დარეგისტრირებაა საჭირო.

როგორც ნინო ევგენიძემ აღნიშნა, საპანელო დისკუსიისას ერთ-ერთი ჟურნალისტი ცდილობდა, გამოეწვია პროვოკაცია, რათა კონფერენცია ჩაშლილიყო.

„ეს კონფერენცია ყოველთვის ღია არის მედიის წარმომადგენლებისთვის და თავისუფალი დამსწრეებისთვის, რომელთაც ერთადერთი აქტივობის განხორციელება სჭირდებათ, დარეგისტრირდნენ კონფერენციაზე. არავინ შეგვიზღუდავს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი კომპანია, ტელეკომპანია, თუ ისე ჟურნალისტი, ცდილობდა კონფერენციის ჩაშლას და პროვოკაციის გამოწვევას. კონფერენცია უკვე დაწყებულია. მიმდინარეობდა საპანელო დისკუსია და ის ცდილობდა, რომ კონფერენცია ჩაეშალა. ვფიქრობ, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. დღევანდელი პანელი სწორედ ეძღვნება იმას, როგორ ცდილობს რუსეთი თავისი გავლენების გაფართოებას ჩვენს ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ მედიისთვის კონფერენციაზე დასწრება არის თავისუფალი. ვისაც სურს სხვადასხვა რესპონდენტის ჩაწერა, რა თქმა უნდა, კონფერენციის მონაწილეები კვლავ ამ თავისუფალ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ ის, ვინც შეეცდება, რომ კონფერენცია პროვოკაციების საშუალებით ჩაშალოს, დაცვა გაიყვანს ადგილიდან. ორი დღის განმავლობაში კონფერენციას 700 კაცი ესწრებოდა. ეს გამიზნული იყო კონფერენციის ჩასაშლელად, რადგან კონფერენცია ხუთი წელია, ემსახურება საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშემწყობი გარემოებების კიდევ უფრო გაფართოებას“, – განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ევგენიძემ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ მიმდინარეობს, ხმაური იყო.  კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.