კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, გორში სკოლის დირექტორებს შეხვდნენ
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, გორში სკოლის დირექტორებს შეხვდნენ

კომუნიკაციების კომისიამ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, გორის სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობასა და საგნის შესახებ სკოლის ხელმძღვანელების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა.

ღონისძიებას სულ 40-მდე მონაწილე ესწრებოდა. შეხვედრა კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ და UNICEF-ის წარმომადგენელმა, მაია ქურციკიძემ გახსნეს და მონაწილეებს მედიაწიგნიერების საგნის არჩევის შესაძლებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მისასალმებელი სიტყვის შემდგომ ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ბიბილაშვილმა დამსწრე აუდიტორიას პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელო წარუდგინა. კომუნიკაციების კომისიამ აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთისა და რუსთავის სკოლების დირექტორებთან რვა შეხვედრა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 270-მდე დირექტორს საგნის დანერგვისა და არჩევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროექტი კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების შესახებ კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებითაც მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით 1600 პედაგოგი გადამზადდა. დღეის მონაცემებით, მედიაწიგნიერება, როგორც არჩევითი საგანი, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს უკვე 6 სკოლაში დაინერგა და მომავალში სხვა სკოლებშიც დაინერგება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.