კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა ITU-ს გლობალური სიმპოზიუმის ფარგლებში საქართველოს რეგიონული ციფრული ჰაბის პოტენციალზე ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა ITU-ს გლობალური სიმპოზიუმის ფარგლებში საქართველოს რეგიონული ციფრული ჰაბის პოტენციალზე ისაუბრა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით გამართულ მარეგულირებლების ყოველწლიურ გლობალურ სიმპოზიუმში (GSR-24) მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება სფეროს რეგულირების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ტელეკომუნიკაციისა და ტექნოლოგიების სფეროს მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლების, პოლიტიკის განმსაზღვრელებისა და ციფრული ინდუსტრიის დაინტერესებული მხარეების გაერთიანებას და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.

ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე იმედაძემ მონაწილეობა მიიღო მარეგულირებელ ორგანოთა ხელმძღვანელი პირების მრგვალი მაგიდის შეხვედრაში, სადაც კომისიის მიმდინარე პროექტებსა და პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს აქვს ამბიცია და მნიშვნელოვანი პოტენციალი, ჩამოყალიბდეს, როგორც ციფრული სერვისების მიმწოდებელი რეგიონული ცენტრი, რაც მისი გეოპოლიტიკური პოტენციალის, ასევე, არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ჰარმონიზებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოს მეშვეობით არის შესაძლებელი“, – განაცხადა მან და საერთო გამოწვევების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მრგვალი მაგიდის სესიის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს, თუ რა გავლენას ახდენენ ისეთი ტრანსფორმაციული ტექნოლოგიები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, რობოტექნიკა, ნანოტექნოლოგიები და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები არსებულ მარეგულირებელ მოდელებზე, მიდგომებსა თუ პოლიტიკაზე. ამასთან, შეხვედრაზე განხილული იყო ITU-ს რეგულირების საუკეთესო პრაქტიკის გაიდლაინები, რომლებიც ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას და ინკლუზიურ სატელეკომუნიკაციო ეკოსისტემას დაეხმარება. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე იმედაძის მოდერირებით გაიმართა პანელური დისკუსია კოსმოსური სატელიტური სისტემების მდგრადობის შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობა Amazon-ის Kuiper-ის სატელიტური პროექტის გლობალური ლიცენზირების დირექტორმა, ITU-ს რადიოკომუნიკაციების ბიუროს წამყვანმა ინჟინერმა, ასევე, ევროპის სატელიტების ასოციაციისა და ტელესატ კანადის წარმომადგენლებმა მიიღეს. სესია ინოვაციური სატელიტური ბიზნესმოდელების მდგრადობისთვის საჭირო სარეგულაციო მექანიზმების, სპექტრული რესურსების განაწილებისა და ლიცენზირების მოქნილი მოდელების განხილვას დაეთმო. სიმპოზიუმის ფარგლებში გამართული თემატური სესიებიდან, ასევე, აღსანიშნავია ღონისძიება, რომელიც საინფორმაციო და ტექნოლოგიურ სფეროებში პოლიტიკის შემუშავების დონეზე ქალთა ჩართულობას მიეძღვნა და რომელსაც ფასილიტაცია კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა გაუწიეს. სესიის ფარგლებში მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ციფრულ ეკოსისტემაში გენდერული ბალანსის დაცვის მნიშვნელობაზე, არსებული სტერეოტიპების გადალახვის საჭიროებასა და ლიდერულ პოზიციებზე ქალთა ჩართულობის აუცილებლობაზე.

GSR-24 ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც სექტორში აქტუალური საკითხების განხილვასა და ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიარებას ეძღვნება. წლევანდელი ღონისძიების თემატური სესიების ძირითად თემებს კი დაკავშირებადობა, ციფრული ფინანსური სერვისები და მათი უსაფრთხოება, ასევე, ხელოვნური ინტელექტის რეგულირება, თანამგზავრული სისტემები და ტექნოლოგიური ინოვაციები წარმოადგენდა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.