კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე კომპლექსური კვლევის ფარგლებში ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს
კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე კომპლექსური კვლევის ფარგლებში ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

კომუნიკაციების კომისიამ, ფიქსირებული ინტერნეტბაზრის კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზეპირი მოსმენა ჩაატარა.

სხდომას როგორც ტელეკომ ოპერატორების წარმომადგენლები, ისე ყველა დაინტერესებული პირი ესწრებოდა. კომპლექსური კვლევის ფარგლებში მიღებულ შედეგებზე კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებას 2024 წლის 8 აგვისტოს მიიღებს.

ზეპირ მოსმენაზე კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ჩატარებული ანალიზის შედეგები განიხილა, რომლის მიხედვითაც, ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების შესაბამისად, დადგინდა, რომ ქართული ფიქსირებული ინტერნეტბაზარი არაკონკურენტულია და წინასწარ რეგულირებას საჭიროებს.

კომისიის სხდომაზე ასევე განხილული იყო შედეგები, რომლებიც კომპანია „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან ძალაუფლებაზე მიუთითებს, კერძოდ:

კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, შესწავლილი იქნა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტმომსახურების საცალო ბაზარი, სადაც სახეზე იყო კონკურენციის პრობლემები. ანალიზისას დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტქსელში ჩართული 994 დასახლებიდან კრიტიკულად არაკონკურენტული გარემო 985 დასახლებაშია, კონკურენტული გარემო კი მხოლოდ 9 დასახლებაში აღმოჩნდა.

ასევე, ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ – ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ 45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი.

მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა შესაბამისი საბითუმო ბაზრების შესწავლა და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამი კრიტერიუმის ტესტის ჩატარება, რომელიც ადგენს, ექვემდებარება თუ არა ბაზარი წინასწარ რეგულირებას. ჩატარებულმა ტესტმა ცხადყო, რომ საბითუმო ბაზრები არ არის მიდრეკილი ეფექტიანი კონკურენციისკენ და არსებობს ამ ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები. კერძოდ, დიდ ოპერატორებს აქვთ რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ბაზარზე შესვლის მსურველ კომპანიას სჭირდება მნიშვნელოვნად დიდი ინვესტიცია, რათა უკვე არსებულ მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ბაზარზე შესვლის მსურველი ოპერატორებისთვის ბარიერს წარმოადგენს ისიც, რომ დიდი ოპერატორები აკეთებენ მასშტაბის ეკონომიას თავიანთი ქსელის ზომისა და სიმძლავრის ხარჯზე, რითიც იმცირებენ ხარჯებს. გარდა ამისა, ის ოპერატორები, რომლებიც ერთზე მეტ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს – მაგალითად, ინტერნეტსა და ტელევიზიას ერთად – აკეთებენ მრავალფეროვნების ეკონომიას და იმცირებენ ერთეულის საშუალო ღირებულებას. აღნიშნული ახალი მოთამაშისთვის ნაკლებად არის შესაძლებელი, რაც ბაზარზე უთანასწორო პირობებს ქმნის. ამასთან ერთად, ევროპასთან შედარებით, საქართველოში ფინანსური დაკრედიტების ადგილობრივ ბაზრებს უფრო მაღალი კომერციული დაკრედიტების განაკვეთი აქვთ, რაც ახალი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. შესაბამისად, სამი კრიტერიუმის ტესტის შედეგად ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბაზარზე არსებული შემზღუდველი გარემოების გამოსწორების მიზნით, საჭიროა წინასწარი რეგულაციის დაწესება.

კვლევაში ჩართულ ევროკავშირის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბაზარზე არ არის კონკურენცია და ეს გარემოება მარეგულირებლის ჩარევისა და წინასწარი რეგულაციის გარეშე არ შეიცვლება, რაც მომხმარებლებისთვის სერიოზული ზიანის მომტანია. კვლევის ფარგლებში, მონაწილე ექსპერტებმა დაადგინეს ისიც, რომ ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორია და ამ ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები უნდა განისაზღვროს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.

შეგახსენებთ, რომ, მობილური მომსახურების ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის 25 ივლისს გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განისაზღვრა და ბაზარზე არსებული არაკონკურენტული მდგომარეობის გამოსწორებისა და ბაზრის გახსნის მიზნით მას სამი სხვადასხვა სახის დაშვების ვალდებულება განესაზღვრა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურ ავრცელებს.