კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის ექსპერტების დასკვნის თანახმად, ფიქსირებულ ინტერნეტქსელში ჩართული 994 დასახლებიდან კონკურენტული გარემო მხოლოდ ცხრაშია
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის ექსპერტების დასკვნის თანახმად, ფიქსირებულ ინტერნეტქსელში ჩართული 994 დასახლებიდან კონკურენტული გარემო მხოლოდ ცხრაშია

კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაცია ჩაატარა, რომელსაც კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სიჭინავა გაუძღვნენ.

პრეზენტაციაზე კომისიის წევრმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის, გამოკვლეული გარემოებებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების შესახებ, რომლის მიხედვით, ქართული ფიქსირებული ინტერნეტ ბაზარი არაკონკურენტულია, სჭირდება წინასწარი რეგულირება, ხოლო ამავე კვლევის მიხედვით, „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია.

კომპლექსური კვლევის შედეგების მიხედვით, „ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ – ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ 45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი“.

ევროკავშირის ექსპერტების დასკვნით, კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არ არის კონკურენცია და ეს გარემოება, რაც მომხმარებლებისთვის სერიოზული ზიანის მომტანია, მარეგულირებლის ჩარევისა და წინასწარი რეგულაციის გარეშე არ შეიცვლება.

კვლევის ფარგლებში, მონაწილე ექსპერტებმა დაადგინეს ისიც, რომ ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია და, ამ ბაზარზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, მისთვის სპეციფიკური ვალდებულებებიც განსაზღვრეს.

კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკომისიის ბაზრის ანალიზის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, თავდაპირველად შესწავლილი იქნა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტმომსახურების საცალო ბაზარი, სადაც სახეზე იყო კონკურენციის პრობლემები. კერძოდ, დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტქსელში ჩართული 994 დასახლებიდან კრიტიკულად არაკონკურენტული გარემო 981 დასახლებაშია, კონკურენტული გარემო კი მხოლოდ ცხრა დასახლებაში აღმოჩნდა. ეს გარემოება კი, ევროკავშირის ექსპერტების შეფასებით, ნათლად მიუთითებს ქართულ ფიქსირებულ ინტერნეტბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე, რაც, მათივე დასკვნით, პირველ რიგში, ქართველ აბონენტებს უქმნის შემზღუდველ პირობებს.

აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა შესაბამისი საბითუმო ბაზრების შესწავლა და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამი კრიტერიუმის ტესტის ჩატარება, რომელიც ადგენს, ექვემდებარება თუ არა ბაზარი წინასწარ რეგულირებას. ჩატარებულმა ტესტმა ცხადყო, რომ ბაზარი არ არის მიდრეკილი ეფექტიანი კონკურენციისკენ და არსებობს ამ ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები. კერძოდ, დიდ ოპერატორებს აქვთ რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ბაზარზე შესვლის მსურველ კომპანიას სჭირდება მნიშვნელოვნად დიდი ინვესტიცია, რათა უკვე არსებულ მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ბაზარზე შესვლის მსურველი ოპერატორებისთვის ბარიერს წარმოადგენს ისიც, რომ დიდი ოპერატორები აკეთებენ მასშტაბის ეკონომიას თავიანთი ქსელის ზომისა და სიმძლავრის ხარჯზე, რითიც იმცირებენ ხარჯებს. გარდა ამისა, ის ოპერატორები, რომლებიც ერთზე მეტ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს – მაგალითად, ინტერნეტსა და ტელევიზიას ერთად – აკეთებენ მრავალფეროვნების ეკონომიას და იმცირებენ ერთეულის საშუალო ღირებულებას. აღნიშნული ახალი მოთამაშისთვის ნაკლებად არის შესაძლებელი, რაც ბაზარზე უთანასწორო პირობებს ქმნის.

ამასთან ერთად, ევროპასთან შედარებით, საქართველოში ფინანსური დაკრედიტების ადგილობრივ ბაზრებს უფრო მაღალი კომერციული დაკრედიტების განაკვეთი აქვთ, რაც ახალი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. შესაბამისად, სამი კრიტერიუმის ტესტის შედეგად ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ, ბაზარზე არსებული შემზღუდველი გარემოების გამოსწორების მიზნით, საჭიროა წინასწარი რეგულაციის დაწესება. კომპლექსურ კვლევაზე დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია ბაზრის ანალიზის შედეგებს 1-ელ აგვისტოს საჯარო სხდომაზე განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.