კომუნიკაციების კომისიამ „სილქნეტს“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა
კომუნიკაციების კომისიამ „სილქნეტს“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე სს „სილქნეტს“ შპს „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა.

კომისიამ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით, 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.  წარმოების ფარგლებში კომისიის შესაბამისმა სამსახურმა საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით, ბაზრის რამდენიმე ეტაპიანი კვლევა და ანალიზი ჩაატარა. აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომისიამ გადაწყვიტა, რომ მხარეებზე დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპანია „სილქნეტისთვის“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარ თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი.

ამასთან, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების, აბონენტებისა და კონკურენტი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, კომპანიებს მთელი რიგი ვალდებულებები დააკისრა.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომისიამ მხარეებს დაავალა, რომ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც აბონენტებისთვის პირობებს შეცვლას ითვალისწინებს, მომხმარებლებს ერთი თვით ადრე და ინდივიდუალურად უნდა აცნობონ. ცვლილებების შესახებ კომპანიებმა ასევე, ერთი თვით ადრე უნდა შეატყობინონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა უწყებას საკითხის შესწავლისა და რეაგირებისთვის გონივრული ვადა ჰქონდეს.

ასევე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით, კომისიამ კომპანიები დაავალდებულა, აბონენტებს არ შეუზღუდონ არჩევანის თავისუფლება და დაუტოვონ შესაძლებლობა სხვა სერვისებისგან დამოუკიდებლად მიიღონ მათთვის სასურველი მობილური ან ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება გონივრულ, არადისკრიმინაციულ და ხელმისაწვდომ ფასად.

რაც შეეხება საბითუმო მომსახურების ბაზარს, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით, მხარეები აღნიშნულ ბაზარზე ვერ შეზღუდავენ კონკურენტ ავტორიზებულ პირებს, კერძოდ, ვერ შეძლებენ საბითუმო მომსახურების ბაზარზე ფასებისა და პირობების გაუარესებას.

რაც შეეხება საცალო მომსახურების ბაზარს, კომისია მიიჩნევს, რომ „სილქნეტის” მიერ „ჯეოსელის“ წილის შეძენის ტრანზაქცია ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასთან თავსებადია.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგეგმილი მსხვილი გარიგების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს გახდა. „სილქნეტი“ „ჯეოსელში“ 153 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.