კომუნიკაციების კომისიამ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების, საფასურის დაანგარიშებისა და ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესები დაამტკიცა
კომუნიკაციების კომისიამ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების, საფასურის დაანგარიშებისა და ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესები დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო და ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები, დავის წარმოშობის შემთხვევაში დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგია და ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესები დაამტკიცა.

ნორმატიული აქტების მიღება კომუნიკაციების კომისიას საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წელს „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ მიღებული კანონის ფარგლებში დაევალა. დადგენილებები მიზნად ისახავს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ” დადგენილება მოიცავს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების სამართლებრივ და ტექნიკურ წესებს და პირობებს, დაშვების მოთხოვნისა და უარის თქმის ფორმებს, უარის თქმის საფუძვლებს, დაშვების შესახებ ხელშეკრულების ფორმას და სავალდებულო რეკვიზიტებს, ასევე, კომისიისთვის საჩივრით მომართვის წესს, ვადას, დავების განხილვის წესსა და ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

„ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება ითვალისწინებს ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით და რეკომენდაციებით აღიარებულ საფასურის გაანგარიშების – ფასნამატიანი, მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების მოდელს (LRIC+) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ცალკეული ელემენტისთვის. ასევე, დეტალურად არის მოცემული მომსახურებასთან დაკავშირებული საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების შეფასებისა თუ გაანგარიშების მეთოდები და გეოგრაფიული დაშვებები. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის დავა წარმოიშვება, კომისია, სწორედ ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით, ინფრასტრუქტურაზე დაშვების გონივრულ საფასურს გამოიანგარიშებს.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიის მიერ ასევე დამტკიცდა „ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესი“, რომელიც განსაზღვრავს პლატფორმისთვის ფიზიკური ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და ამ ინფორმაციის განთავსების წესებს. აღნიშნული დადგენილება სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას გაამარტივებს.

შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ კანონის ფარგლებში, ქსელის მფლობელი ოპერატორები მიიღებენ დამატებით შემოსავალს ავტორიზებული პირების დაშვების სანაცვლოდ, ხოლო თავად ავტორიზებული პირები დაზოგავენ ქსელის აგებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებს და ნაკლები დანახარჯით ბაზარზე შესვლასა და აბონენტებისთვის ტელეკომ მომსახურებების მიწოდებას შეძლებენ. აღნიშნული კი გააუმჯობესებს ტელეკომ ბაზარზე არსებულ კონკურენციას და მომხმარებლისთვის მეტად ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.