კომუნიკაციების კომისიამ ხობში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ ხობში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ ხობში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა პროგრამისა და ციფრული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილია სემინარები ხობის მუნიციპალიტეტის ოც სამიზნე სოფელში, სადაც ადგილობრივები სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებაში გადამზადდებიან.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500 000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.