კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სკოლებში ტრენინგი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სკოლებში ტრენინგი ჩაატარა

უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ, სამ საჯარო სკოლაში ინტერაქტიული ტიპის ტრენინგი ჩაატარეს, რომელსაც მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანს მოზარდების ონლაინ სივრცეში მავნე ზეგავლენისგან დაცვა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაცია წარმოადგენს. ტრენინგზე მოზარდებს მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში „Happy Onlife“-ის გააცნეს.

„Happy Onlife“-ის აპლიკაციით ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ, გაეცნონ ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წესებს. აპლიკაციის მიზანია, ბავშვებმა და მოზარდებმა თამაშით ისწავლონ ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი. აპლიკაცია „Happy Onlife“ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორებიცაა:

  • კიბერბულინგი;
  • ინფორმაციის წყაროს კრიტიკულად შეფასება;
  • მშობელთან, მასწავლებელთან, უფროსებთან კომუნიკაცია;
  • პირადი მონაცემების ონლაინ სივრცეში დაცვა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში აცხადებენ, მედიაწიგნიერების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვა და მათი ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან ტექნოლოგიების ეპოქაში მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარება. კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი უკვე მეორე წელია, მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, ხუთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.