კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლი დაიწყო და სპეციალური ვებგვერდი აამუშავა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ვისაც უჭირს ფილმების ყურება და გადმოწერა, ონლაინ თამაში და უკმაყოფილოა ინტერნეტის ხარისხით, ეს ვებგვერდი www.sheamotsme.ge სწორედ მათთვისაა.
„აღნიშნული ვებპლატფორმით უკვე დღეიდან ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს 24-საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
უწყების ცნობით, ინტერნეტის ხარისხის შესამოწმებლად საჭიროა:
· შეხვიდეთ ვებ-გვერდზე www.sheamotsme.ge;
· შემოწმების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას;
· მოწყობილობა, რომლითაც ხარისხს ზომავთ, ინტერნეტის ქსელში შეაერთოთ სადენის (კაბელის) და არა, Wifi-ის საშუალებით;
· შემოწმების დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესში, ოპერაციულ სისტემაში არც ერთი სხვა აპლიკაცია არ გახსნათ;
· მითითებულ ველში აუცილებლად შეიყვანოთ თქვენი და თქვენი ინტერნეტ პროვაიდერის ზუსტი მონაცემები;
· გაზომვის დროს ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, სისტემა მოგცემთ საშუალებას ავტომატურ რეჟიმში შეავსოთ საჩივრის ფორმა და გამოაგზავნოთ კომუნიკაციების კომისიაში;
· იმისთვის, რომ თქვენი საჩივარი არ დახარვეზდეს, აუცილებელია მაქსიმალური სიზუსტით დაიცვათ ინსტრუქცია;
· წესების დაცვა ზუსტი მონაცემების მისაღებადაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საჩივარი გაუქმდება.
„იმისთვის, რომ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე მომხმარებლის მიერ გადახდილი ფასის ადეკვატური იყოს, კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში აქტიური სამუშაოები ჩაატარა. კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ინტერნეტმომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლები განისაზღვრა და მათი შემოწმების მეთოდოლოგიური წესები დადგინდა. ინტერნეტმომსახურების მიწოდების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიებს ახალი ვალდებულებები დაეკისრათ, რომელიც აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებების დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა.
შემოწმების საიმედოობისა და სიზუსტის მიზნით, კომისია ამერიკულ კომპანია „ვიზუალვეართან“ (Visualware) თანამშრომლობს. ინტერნეტმომსახურეობის ხარისხი იზომება სწორედ მათი აპარატურით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთდროულად გავზომოთ ფიქსირებული ინტერნეტის ხუთი პარამეტრი: ჩამოტვირთვის სიჩქარე, ატვირთვის სიჩქარე, დაკარგული პაკეტები, ჯიტერი და დაყოვნება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მომხმარებლების უფლებების დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია და სწორედ ამიტომ, თქვენ დღეიდან www.shemaotsme.ge-ს საშუალებით მუდმივ რეჟიმში შეგეძლებათ შეამოწმოთ ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე, იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულების პირობებს არ იცავს გამოაგზავნოთ საჩივარი კომისიაში, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს და პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.