კომუნიკაციების კომისიამ გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მედიაწიგნიერების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიამ გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების განვითარებასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციაზე USAID-ის ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები განიხილეს და შეაჯამეს. კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ იუნისეფისა და კომისიის ერთობლივი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც კომისია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა დახუნდარიძემ მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა იუნისეფისა და კომისიის ერთობლივი პროექტის შესახებ, ასევე, პროექტის მენეჯერმა, ანი გვეტაძემ, პროექტის ფარგლებში გააცნო სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევისა და შეფასების პირველადი შედეგები.
ომუნიკაციების კომისიის ცნობით, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზოგადი განათლების საფეხურისთვის შემუშავდება მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგმოდული მასწავლებლებისთვის. პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი რესურსების მიხედვით გადამზადდებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები და პედაგოგები.
„მოგეხსენებათ, კომუნიკაციების კომისია 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე. დეზინფორმაცია, მისინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები – თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. ამ ყველაფერთან ბრძოლის მთავარი იარაღი კი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა. მიხარია, რომ ამჯერად გვაქვს შესაძლებლობა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ჩართულობით განხორციელდება. სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიამ უკვე განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, თუმცა ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, რომელმაც კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.