კომუნიკაციების კომისიამ ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU), აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელისა (EaPeReg) და ევროკავშირისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციის მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EMREG) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრა ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ს შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული რუკის დანერგვის მიმართულებით ქვეყნების მაგალითების განხილვას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სამომავლო გეგმების დასახვას ემსახურებოდა.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით კომუნიკაციების კომისიის წევრმა და EaPeReg-ის 2023 წლის თავმჯდომარემ, ეკატერინე იმედაძემ გახსნა და ITU-ს, EaPeReg-ისა და EMREG-ის თანამშრომლობის დადებით ასპექტებზე, კერძოდ კი, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. ეკატერინე იმედაძესთან ერთად, გახსნით ნაწილში ღონისძიების მონაწილეებს EMREG-ის თანათავმჯდომარე და ITU-ს ევროპის ოფისის წარმომადგენელიც მიესალმნენ.
გახსნითი ნაწილის შემდგომ შეხვედრის მონაწილეებმა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, წევრი ქვეყნების მაგალითები წარმოადგინეს. საქართველოს მაგალითი კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ განიხილა. მოგვიანებით ინდივიდუალურ მაგალითებზე პრეზენტაციები პორტუგალიის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANACOM) და რუმინეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (ANCOM) მომხსენებლებმა წარადგინეს.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ფართოზოლოვანი მომსახურების ტარიფების შემცირებისა და სერვისების გაძლიერებასთან დაკავშირებული ციფრული რუკის დანერგვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.