კომუნიკაციების კომისია - საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ ამბებს აშუქებდა მიუკერძოებლად, ადგილი არ ჰქონია ჟურნალისტების მხრიდან პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირებას და სიძულვილის ენის გამოყენებას
კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი ისევ პოლარიზებულია, ნაწილი კი დეზინფორმაციის გავრცელებით, მანიპულაციით და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობითაა დაკავებული. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ცალკეულ მაუწყებლებში სიძულვილის ენის გამოყენება რჩება.
თვისებრივი მედიამონიტორინგი ექვს საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ ჩაუტარდა. მედიამონიტორინგის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ ამბებს აშუქებდა მიუკერძოებლად.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ ამბებს აშუქებდა მიუკერძოებლად. ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვებას, ჟურნალისტების მხრიდან პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირებას და სიძულვილის ენის გამოყენებას. არხი ნეიტრალურად და დაბალანსებულად აშუქებდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის წინასაარჩევნო აქტივობას, ეთერს უთმობდა არაკვალიფიციურ სუბიექტებს და პირდაპირ ეთერში გადასცემდა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების პრეზენტაციებს, ბრიფინგებს და სხვა წინასაარჩევნო აქტივობებს. არხზე შეიქმნა სპეციალური რუბრიკა, რომლის საშუალებითაც მაყურებელს ინფორმაციას აწვდიდნენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში არსებული ადგილობრივი პრობლემებისა და მერობის სხვადასხვა კანდიდატის პროგრამული პრიორიტეტების შესახებ.
ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: „ქართული ოცნება“ – 22.7% (პოზიტიური – 10%, ნეგატიური – 12%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 18.3% (პოზიტიური – 16%, ნეგატიური – 5%), საქართველოს მთავრობა – 16.7% (პოზიტიური – 5%, ნეგატიური – 1%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 5%–ზე ნაკლები“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საზოგადოებრივ მაუწყებლის გარდა მონიტორინგი ჩაუტარდა კიდევ ხუთ საერთო ეროვნულ მაუწყებელს – „აჭარის ტელევიზიას“, „რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს”.
„მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა.
რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა. ექვსი საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში სრულად იხილეთ აქ.