კომუნიკაციების კომისია - „რუსთავი 2“-მა უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტის გაზრდით, გრიგოლ ვაშაძეს დამატებით 1,281,511 ლარის რეკლამა აჩუქა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტების გაზრდის შესახებ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგად, პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კანონით გათვალისწინებული უფასო პოლიტიკური რეკლამის სავალდებულო ლიმიტს მიღმა, დაახლოებით 1,281,511 ლარის ღირებულების 388 წუთი უფასო რეკლამა მიიღო.
კომისია აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ს უფასო პოლიტიკური რეკლამის გაზრდის ვალდებულება კანონით არ ჰქონია.
„მაუწყებელმა უფასო სარეკლამო დროის გაზრდის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო და ეს პირველად 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გააკეთა. აღნიშნული საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც დაინტერესდა და კომისიისგან დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის სრულად იქნა მიწოდებული“, – აცხადებს კომისია.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის საეთერო დროის ლიმიტის გაზრდის შედეგად, გრიგოლ ვაშაძის შემდეგ, ყველაზე მეტი სარგებელი დავით ბაქრაძემ მიიღო, რომელსაც მაუწყებელმა უფასოდ ამავე პერიოდში (მხარდამჭერ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტთან ერთად) ლიმიტს მიღმა 198 წუთი დაუთმო, რომლის დაახლოებითი ღირებულება 655,424 ლარია.
2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა. კომისიამ ანალიზი მაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი ყოველკვირეული ფორმების საფუძველზე განახორციელა, რომლის წარდგენაც კომისიაში მაუწყებლებს კანონით ევალებათ. „უფასო პოლიტიკური რეკლამის საბაზრო ღირებულების დადგენა სარეკლამო ჭრებისთვის იმ ღირებულების მინიჭებით განხორციელდა, რომელიც თავად მაუწყებლებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო პროგრამების მიხედვით ჰქონდათ დადგენილი“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.