კომუნიკაციების კომისია - იმ ტელეკომპანიების ჯამური სარეკლამო შემოსავლები, რომელთა რეკლამასაც ექსკლუზიურად „ინტერ მედია“ არ ყიდდა, 23 %-ით გაიზარდა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2017 წელს იმ კერძო ტელეკომპანიების საერთო სარეკლამო შემოსავლები (სარეკლამო, სასპონსორო, პროდუქტის განთავსებისა და ტელეშოფინგის), რომლებსაც საკუთარი სარეკლამო დროის გაყიდვის უფლება არ ჰქონდათ გადაცემული ექსკლუზიურად შპს „ინტერ მედიასთვის“, მნიშვნელოვნად, კერძოდ კი 23%-ით გაიზარდა.
ამას გარდა, კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისიამ გააანალიზა და ერთმანეთს შეადარა 2017 წელს ერთი ერთეული გაყიდული რეკლამის ფასი და ასევე, გაყიდული რეკლამის რაოდენობა, სადაც ძალიან საინტერესო სურათი გამოიკვეთა.
„აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გაყიდული სარეიტინგო პუნქტის, ე.წ. GRP–ის ფასი საშუალოდ წლის განმავლობაში 21 %–ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით, რამაც გაყიდული რეკლამის საერთო რაოდენობრივი საზომით – შეწონილი სარეიტინგო პუნქტის, ე.წ. wGRP–ის მიხედვით დათვლილი ფაქტობრივი მომსახურების რაოდენობა 25 %–ით შეამცირა. 2017 წელს wGRP–ის კლება ამავდროულად გამოწვეულია კომერციული რეკლამისა და სასპონსორო მომსახურეობის პროდუქტის განთავსებაში გადანაცვლებით, ვინაიდან პროდუქტის განთავსება GRP–ით არ იყიდება. GRP–ით გაყიდვადი მომსახურეობის ნაწილმა გადაინაცვლა მომსახურეობის იმ ნაწილში, რომლის გაყიდვაც სარეიტინგო პუნქტებით არ ხდება. ხოლო პროდუქტის განთავსებიდან ტელეკომპანიების შემოსავლები 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 38 %–ით გაიზარდა“, – აცხადებს კახა ბექაური.
მისივე თქმით, სარეიტინგო პუნქტის (სარეკლამო დროის) გაზრდილ საფასურს უნდა დაებალანსებინა შეწონილი სარეიტინგო პუნქტების (wGRP–ის) კლება რაოდენობრივ მაჩვენებელში. ხოლო სარეკლამო ბაზრის შემოსავლები უნდა შენარჩუნებულიყო სტაბილურად და შესაძლოა, მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილიყო. თუმცა, აღნიშნული არ აისახა უშუალოდ მსხვილი ტელემაუწყებლების შემოსავლებზე, რადგან გასულ წლებთან შედარებით, 2017 წელს შემოსავლების 20 % დამატებით ტელეკომპანიებს მიღმა დარჩა.