კომუნიკაციების ეროვნული კომისია თბილისში მართავს შეხვედრას „მედიაწიგნიერება საქართველოში“
მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, ევროპის საბჭოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა – „მედიაწიგნიერება საქართველოში“ მიმდინარეობს.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეები ქვეყანაში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. საუბარი შეეხება ამ მხრივ არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას. ამასთან, შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ მედიაწიგნიერების განვითარებაში სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და თავად მედიის როლზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობა არის აუცილებელი.
მისი თქმით, დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია ინტერნეტი და მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს უნარ-ჩვევები, გაარჩიონ ყალბი ნამდვილისგან.
„მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ისეთი უნარ-ჩვევენის განვითარება, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითი აზროვნება, რათა მოქალაქეებმა შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.
საკმაოდ აქტუალურია ინტერნეტი და ამ ტექნოლოგიების სამყაროში ძალიან ბევრი გამოწვევაა, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ ადამიანებმა ხშირად არ იციან, როგორ გაარჩიონ ნამდვილი ყალბისგან, როგორ იყვნენ დაცული ონლაინ სივრცეში. აქედან გამომდინარე. ჩვენი პროექტები სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ ადამიანებს განუვითარდეთ ის უნარები, რომელიც მათ მისცემთ შესაძლებლობას, კრიტიკულად შეაფასონ კონტენტი, რომელსაც იღებენ და შემდეგ გააკეთონ სწორი არჩევანი, გაარჩიონ ნამდვილი ტყუილისგან”-განაცხადა ივანიშვილმა.
ევროპის საბჭო ახორციელებს ორწლიან პროექტს „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“, რომლის მიზანიც ეთიკური, პროფესიული, პლურალისტული მედიაგარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა და ასევე, ინტერნეტსივრცეში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაა. ასევე იგეგმება მედიაწიგნიერების სფეროში მომუშავე ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით ერთიანი ქსელის ჩამოყალიბება.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.