კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმებს მხარს უჭერს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მხარს უჭერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც მიმართულია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებულ, რეიტინგულ მაუწყებლად გარდაქმნაზე, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
„ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში მაუწყებლის დაბალი ყურებადობის გათვალისწინებით, გამოიკვეთა, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი (რომელიც საზოგადოების მიერ ფინანსდება) პასუხობდეს საზოგადოების მოთხოვნებს. შესაბამისად, რეფორმა, რომელიც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ხორციელდება, ხელს შეუწყობს მაუწყებელს გახდეს ისეთივე წარმატებული, როგორიც საკუთარ ქვეყნებში სხვა ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლები არიან.
კომისიის მიერ შესწავლილ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტი. აღნიშნული პროექტის განხილვის ფარგლებში კომისიამ სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო კომიტეტების სხდომებში. ასევე საკითხის სრულყოფილი შესწავლის, სამართლებრივი გამოცდილების გაზიარების და საუკეთესო პრაქტიკის დეტალურად გაცნობის მიზნით, შესაბამისი კონსულტაციები გაიარა ევროპის სამაუწყებლო კავშირის წარმომადგენლებთან და პარტნიორ ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია ეთანხმება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ხელმძღვანელი ორგანოების – სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე, მათი უფლებამოსილებების კანონით სწორედ განსაზღვრაზე.
ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იმ ტიპის პროდუქციის შესყიდვაზე, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებასთან (მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, სერიალი, გასართობი შოუები და ა.შ.) არის დაკავშირებული.
რაც შეეხება კომერციული რეკლამისა და სპონსორობის საკითხებს, აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვლავ მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს და უფრო ლიმიტირებულია, ვიდრე ის რეგულაციები, რომლებიც შერეულ (საჯარო და კომერციული) დაფინანსებაზე დამოკიდებულ საზოგადოებრივი მაუწყებლების უმრავლესობაზე ვრცელდება და სრულად შეესაბამება ევროპულ საუკეთესო გამოცდილებას“, – აღნიშნულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.