საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც კომისიაში შპს „ნტვ-პლუსი“-სთვის ავტორიზაციის გავლას ეხება, ვრცელ განმარტებას აკეთებს. პირველი არხი კომისიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2005 წლის 2 ივნისის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ინდივიდუალური ლიცენზირების რეჟიმი ავტორიზების სისტემით შეიცვალა და ,,ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 17 ივნისის N546/19 გადაწყვეტილების საფუძველზე 2005 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციას კომისიის სხდომაზე განხილვისა და გატანის გარეშე უზრუნველყოფდა კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
ავტორიზების გამარტივებული სისტემის დანერგვის დღიდან, წლების გამავლობაში, კომისია მიიჩნევდა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ჩანაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თაობაზე, გულისხმობდა არა მხოლოდ საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს. აქედან გამომდინარე, 2005 წლიდან 2016 წლის ჩათვლით არსებული პრაქტიკის შესაბამისად, კომისიამ განახორციელა 9 იურიდიული პირის ავტორიზაცია, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში და კომისიაში წარმოდგენილი ჰქონდა სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, კომისიამ განახორციელა შემდეგი იურიდიული პირების ავტორიზაცია:
1. შპს „Voxbone” (ს/კ 0478.928.788. ბელგია; ავტ. თარიღი: 26.08.09; ავტ. საქმიანობის სახე: ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება;). კომპანია დღემდე ავტორიზებულია.
2. შპს “GUDA.TV“ (ს/კ 140181172, აშშ; ავტ. თარიღი: 03.02.15; ავტ. საქმიანობის სახე: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი). კომპანია დღემდე ავტორიზებულია;
3. შპს „ნტვ-პლუსი“ (ს/კ 7703121379, რუსეთის ფედერაცია; ავტ. თარიღი: 12.09.16; ავტ. საქმიანობის სახე: თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება). კომპანია დღემდე ავტორიზებულია.
4. შპს „BLACK SEA TELECOM“ (ს/კ 610953, ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულები; ავტ. თარიღი 28.05.07; ავტ. საქმიანობის სახე: ინტერნეტ მომსახურება). კომპანია დღემდე ავტორიზებულია. რეგისტრირებული აქვს ფილიალი მეწარმეთა საჯარო რეესტრში 2008 წლიდან.
5. შპს „TECHNOMAX LLP” (ს/კ OC397545, ბრიტანეთი; ავტ. თარიღი 17.07.15; ავტ. საქმიანობის სახე: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი) – შეუჩერდა ავტორიზაცია კომისიის გადაწყვეტილებით N338/18 31.05.17);
6. სს “Quadriga EMEA Limited” (ს/კ 3038297 ბრიტანეთი; ავტ. თარიღი 12.12.2012; ავტ. საქმიანობის სახე: გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)) – შეუჩერდა ავტორიზაცია კომისიის გადაწყვეტილებით N209/3 30.03.17;
7.სს “Compatel Limited” (ს/კ 7456831, ბრიტანეთი; ავტ. თარიღი 04.12.2012; ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება; ფლობდა ნუმერაციის რესურსს 576 99X XXX) – შეუჩერდა ავტორიზაცია კომისიის გადაწყვეტილებით N352/3 18.05.17;
8. შპს „HALLBROOK INVEST L.P“ (ს/კ SL21666 შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო; ავტ. თარიღი 26.08.15; ავტ. საქმიანობის სახე: ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება;) – ავტორიზაცია გაუქმდა მისი განცხადების (15.05.17) საფუძველზე;
9. კომპანია „მინეტა ვენჩერზ ეს.ეი“ (კ/ნ 1015384, ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულები);ავტ. საქმიანობის სახეები: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო, მობილური საკომუნიკაციო მომსახურება; საკაბელო , სატრანზიტო, ტელე და რადიო მაუწყებლობის მომსახურება, ასევე, ინტერნეტ მომსახურება კომპანიამ ავტორიზაცია გაიარა 01.12.06-ში); კომპანიის ავტორიზაცია გაუქმდა 2010 წლის 24 თებერვალს, მისი მოთხოვნის საფუძველზე.
ამავე პერიოდში, კომისია ასევე, ამოწურვად რესურსებს (რადიოსიხშირულ სპექტრს) გასცემდა ისეთ კომპანიებზე, რომლებიც სამეწარმეო სუბიექტებად რეგისტრირებული იყვნენ სხვა სახელმწიფოებში. კერძოდ:
1. შპს ,,ბლუმფინ ლიმიტედი“ (ს/კ 688432, ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულები); – 2006 წლის 10 მარტიდან 2007 წლის 16 ნოემბრამდე ფლობდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F7 ლიცენზიას, მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის. ლიცენზიაში გადაიხადა 71,887,039 ლარი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F7 ლიცენზია გაუქმდა 2007 წლის 16 ნოემბერს კომისიის N697/4 გადაწყვეტილებით.
2. კომპანია ,,ასპენვუდ გრუპ კორპორეიშენ“ (კ/ნ 1009795, ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულები); კომისიის 2006 წლის 24 მაისის №218/22 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,მობიტელის“ №F5 ლიცენზიას გამოეყო 827.955-831.645 მგჰც; 872.955-876.645 მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭა ნომერი F11 და ლიცენზიის მფლობელად განისაზღვრა კომპანია ,,ასპენვუდ გრუფ კორპორეიშენ“;
3. კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი” – (კ/ნ 1015384, ბრიტანეთის, ვირჯინიის კუნძულები); კომისიის 2006 წლის 18 აგვისტოს №372/22 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F11ლიცენზია, რომელსაც ფლობდა კომპანია ,,ასპენვუდ გრუპ კორპორეიშენ“, გადაუპირდა აღნიშნულ კომპანიას. კომისიის 2008 წლის 24 აპრილის №220/5 გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F11 ლიცენზია გადაუპირდა სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”. დღეის მდგომარეობით ლიცენზიას ფლობს სს სილქნეტი;
4. შპს „BLACK SEA TELECOM“ – კომისიის 2007 წლის 4 მაისის №232/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „BLACK SEA TELECOM“-ი ფლობდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიას, ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად; კომპანიამ ლიცენზიაში გადაიხადა 6,986,689.60 ლარი; შპს „BLACK SEA TELECOM“ -მა 2017 წელს 2 მაისს უარი განაცხადა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე. კომისიის გადაწყვეტილება N313/12. კომპანია დღემდე ავტორიზებულია; რეგისტრირებული აქვს ფილიალი საჯარო რეესტრში 2008 წლიდან.
2015 წლიდან კომისიის ახალმა შემადგენლობამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების გათვალისწინებით (2015 წლიდან აიკრძალა მაუწყებლობის სფეროში ისეთი პირის ლიცენზირება და ავტორიზაცია, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ამასთანავე, აიკრძალა მაუწყებლობის სფეროში ისეთი პირის ლიცენზირება და ავტორიზაცია, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა), დაიწყო მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მსურველ პირთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის განხილვა კომისიის სხდომაზე და აღნიშნულის საფუძველზე ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.
აქვე, კომისიას სურს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მაუწყებლობის სფეროში ლიცენზირებასა და ავტორიზაციასთან დაკავშირებული ზემოთ მითითებული აკრძალვები არ არის გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და არ ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე.
კომისიის ახალმა შემადგენლობამ ასევე გადახედა ავტორიზაციის გაცემის 2005 -2016 წლების პრაქტიკას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების განჭვრეტადობის უზრუნველყოფისა და კომისიის მიმართ რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული პირების მხრიდან ნდობის შენარჩუნების მიზნით, კომისია აქამდე არსებულ პრაქტიკას მყისიერად ვერ შეცვლიდა, ამიტომ პრაქტიკის შეცვლა ეტაპობრივად ხორციელდება.
ზემოთ მითითებული 9 კომპანიიდან, რომლებსაც მსგავსი მიდგომით ჰქონდათ ავტორიზაცია მიღებული, დღეს მხოლოდ სამი დარჩა. რამდენიმე კომპანიას ავტორიზაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა, ნაწილ მათგანს კომისიამ შეუჩერა. რაც შეეხება დარჩენილ სამ კომპანიას, ესენი არიან შპს „Voxbone“, რომელიც ერთ-ერთ საელჩოს უწევს მომსახურეობას, შპს ,,GUDA TV“, რომელიც ტელემაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს და შპს „ნტვ-პლუსი“, რომელსაც მაუწყებლობის თანამგზავრულ ტრანზიტზე აქვს ავტორიზაცია გავლილი. აღნიშნულ კომპანიებს კომისიამ, როგორც საჯარო სხდომაზე, ასევე წერილობით აცნობა შეცვლილი პრაქტიკის შესახებ და მოთხოვა საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა.
კომისიის მიერ პრაქტიკის შეცვლიდან დღემდე ზემოთ აღნიშნული 9 კომპანიიდან ერთმა კომპანიამ შპს „BLACK SEA TELECOM“-მა მოთხოვნის შესაბამისად, კომისიაში უკვე წარმოადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. სამ კომპანიას : შპს „TECHNOMAX LLP”-ს, სს “Quadriga EMEA Limited”-ს და სს “Compatel Limited”-ს კომისიის გადაწყვეტილებით შეუჩერდა ავტორიზაცია, ხოლო ორ კომპანიას – შპს „HALLBROOK INVEST L.P“-ს და კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”-ს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე გაუუქმდათ ავტორიზაცია.
ამასთანავე, კომისია ვერ გაიზიარებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გავლა და შემდგომ ამონაწერის კომისიაში წარდგენა, სამართლებრივ პრობლემას ვერ აღმოფხვრის, ვინაიდან რეესტრში რეგისტრაცია წარმოშობს ახალ სუბიექტს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია ახალ იურიდიულ პირს წარმოშობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები დაარეგისტრირებენ დამოუკიდებელ სამეწარმეო სუბიექტს, მაგრამ მათ მიერ ფილიალის რეგისტრაციის შემთხვევაში არ წარმოიშობა ახალი იურიდიული პირი.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული სამი კომპანია კომისიაში არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომუნიკაციების ეროვნული კომისია განიხილავს საკითხს, მათი ავტორიზაციის შეჩერების მიზნით და კანონით დადგენილი წესით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.