კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაწიგნიერების პროექტს იწყებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაწიგნიერების პროექტს იწყებს

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ახალი ფუნქცია დაეკისრა – ესაა მედიაწიგნიერების ფუნქცია, – ამის შესახებ კომისიის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა გადაცემა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრ ევროპულ ქვეყანას კარგი გამოცდილება აქვს და კომისია სწორედ ამ ქვეყნების და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებით განახორციელებს ამ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საკითხს.

„თანამედროვე ეპოქაში მოხმარებლის ქცევა იცვლება, აღარ ხდება მხოლოდ სახლში  მედიაკონტენტის მოხმარება. მომხმარებელი უკვე  ნებისმიერ დროს მოიხმარს მედიაპროდუქტებს – მოძრაობისას,  მანქანაში, ქუჩაში. შესაბამისად, დიდი გამოწვევაა, რომ მედია კარგად გადაეწყოს ამ ახალ რეალობაზე. მეორე პრობლემა ხარისხია, ანუ ბაზარზე კვალიფიციური ადამიანებია საჭირო, რომ კარგი პროდუქტები შეიქმნას. კომისიას ეს ორი გამოწვევა კარგად ესმის. ჩვენ დეკემბერში ახალი საკანონდებლო ცვლილებების ინიცირებით გამოვედით და ამ საკითხს პირველად თქვენ ეთერში ვამბობ – კომუნიკაციების კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა. ეს არის მედიაწიგნიერების ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ეს პროცესი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე დაწყებულია და კარგი გამოცდილება  არსებობს, რომელსაც ვიზიარებთ. მედიაწიგნიერება სამი ძირითადი მიმართულებით განვითარებას და  მუშაობას გულისხმობს. ჩვენ ვაპირებთ, რომ შევქმნათ პლატფორმა, დავაფუძნოთ იურიდიული პირი და მედიაკონტენტის მწარმოებლებისთვის, ესენი არიან ჟურნალისტები, პროდიუსერები, მენეჯერები, მათთვის შევქმნათ სამთვიანი ან ექვსთვიანი კურსები, სადაც მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში მივეხმარებით. გავაკეთებთ რამდენიმე კარგ კურსს, ჩამოვიყვანთ მაღალი დონის და კვალიფიკაციის უცხოელ ექსპერტებს და რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკებები უკვე  გვაქვს. მეორე ნაწილი ეს არის მედიაკრიტიკის განვითარება, რომელიც თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, მომხარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი, ამიტომ მედიაკრიტიკის განვითარება გვინდა ბაზარზე. მესამე კომპონენტი ეს არის მომხმარებლის კომპონენტი. ამ ცვალებად და მრავალფეროვან გარემოში თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ, გაარჩიონ რომელია ფეიკ ნიუსი, რომელია სიმართლე, რომელია პროპაგანდა, არა თუ მომხარებელს. ამიტომ, ჩვენ სამომხმარებლო ჯგუფებს დავეხმარებით ამის გარჩევაში. ამ მიმართულებითაც  გარკვეული გამოცდილება უკვე არსებობს და ვფიქრობთ, რომ ჩამოვიყვანოთ ადამიანები, რომლებსაც წარმატებული პროექტები აქვთ გაკეთებული.  გვინდა, მომხარებელს მივცეთ ცოდნა, რომ გაარჩიონ ხარისხიანი და უხარისხო ახალი ამბავი“, – განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.