ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, უწყების ცნობით, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს (რაც უნდა დასტურდებოდეს დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი სსკ-ის 154-მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით) და 2020 წლის პირველ ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი.
აღნიშნულ დადგენილებაში შესული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დამქირავებლის მიერ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, კომპენსაციის მიმღებ პირთა შესახებ განაცხადის წარდგენა ყოველ შემდგომ პერიოდებზე, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ დამქირავებელი მომდევნო თვეში არ წარადგენს ახალ განაცხადს, შემოსავლების სამსახური იყენებს წინა (ბოლო) მონაცემებს და მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა განაცხადი დადგენილ ვადებში წარადგინა. ამასთან, დამქირავებელს დამატებითი, განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის დამატება კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებაში გამოყენებული იქნება ბოლო განცხადება. დადგენილების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისის თვეში პირზე ფიქსირდება ხელფასის გაცემა, მაგრამ ივნისსა და შემდგომ თვეებში ადგილი არ ჰქონია ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვას. ამასთან, აღსანიშნავია რომ კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასი, რომელიც ათ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
„აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში დამქირავებელი კომპანიის მიერ, საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი ინფორმაცია მიიჩნევა დადგენილ ვადაში წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომლის არასწორად მითითება იწვევს 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს 22 ივნისის ჩათვლით წარმოადგინონ ინფორმაცია დასაქმებულთა შესახებ, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები
„დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751
https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში, აწვდის შესაბამის ინფორმაციის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.