კომპანია „თომსონ როიტერს" ბიზნესის ერთი მიმართულება ლონდონიდან დუბლინში გადააქვს
„თომსონ როიტერს”, რომელიც სავაჭრო პლატფორმით ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება, უცხოური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პლატფორმა ლონდონიდან დუბლინში გადააქვს.
ლონდონიდან გასვლას კომპანია ე.წ. ბრექსიტისთვის სამზადისს უკავშირებს. კომპანიის განმარტებით, როდესაც 2019 წლის მარტში დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, დუბლინში მოქმედი სავაჭრო პლატფორმით იგი ისევ შეძლებს ბიზნესის წარმოებას ევროკავშირის მიერ რეგულირებულ სივრცეში. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
კომპანიის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ბაზარზე წვდომა დაკარგოს. ირლანდიაში კომპანიის დაარსება კი საშუალებას მისცემს ისევ ევროპის ერთიანი ბაზრის სივრცეში იმოქმედოს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, „თომსონ როიტერმა” უკვე დააარსა ირლანდიაში კომპანია და მუშახელსაც ადგილზე აიყვანს. თუმცა, ლონდონის ოფისიდან თანამშრომლების გათავისუფლება არ მოხდება.
„თომსონ როიტერი” ლონდონში მოქმედი სავაჭრო პლატფორმით, ყოველდღიურად უამრავი ბიზნესი სარგებლობს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 300 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტს შეადგენს. მათი უმეტესობა დუბლინში გადავა. თუმცა პლატფორმის კომპიუტერული სისტემა ლონდონში დარჩება.
„თომსონ როიტერი” პირველი ბრიტანული სავჭრო პლატფორმა არ არის, რომელმაც ლონდონიდან გასვლა არჩია. დანარჩენებმა ამსტერდამი ამჯობინეს.