„ფრონტერასთან“ დაკავშირებით ბექა ნაცვლიშვილი კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს - ჩვენ არ ვართ კოლონია, სადაც შეიძლება, უცხო ქვეყნის კომპანიებმა მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე ფული აკეთონ
დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს წერილით მიმართავს.
ბექა ნაცვლიშვილმა დღეს პრესკონფერენცია კომპანია „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებთან ერთად გამართა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, კომპანიის 84 თანამშრომელი სამსახურიდან 17 დეკემბერს გაათავისუფლეს და მათ 11 თვის ხელფასი არ აუნაზღაურეს.
„ყურადღებით ვაკვირდები ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ასევე კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს. დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით მათ პათოსს ვიზიარებ, სადაც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დანაპირები არ შეასრულა. ვიზიარებ იმასაც, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა გარანტირებული არ არის, თუმცა ეს ყველაფერი ამერიკული კომპანიების საქმიანობისგან გამოწვეული პრობლემებით უნდა გავმიჯნოთ. კონკრეტულად, წერილების ნაწილი ისეთ ხასიათს ატარებდა, თითქოს, ისინი მიმართული იყო ამერიკული კომპანიების ინტერესების მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, ისინი საქართველოში საქმიანობას ეწეოდნენ. ჩემს წერილში, რომელსაც დღეს გავაგზავნი, მინდა, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს მოვუწოდო, ყურადღებით დააკვირდნენ აქ მიმდინარე პროცესებს. მოვითხოვთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი იქნება თუ სხვა, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ქართველ მშრომელებს, რადგან როცა კომპანია „ფრონტერას“ მხარდაჭერაზეა საუბარი, მათ კარგად უნდა შეისწავლონ ამ კომპანიის საქმიანობა. ასეთი კომპანიების უპირობო მხარდაჭერა ჩრდილს აყენებს იმ პათოსს, რომელსაც მათ მიერ გამოგზავნილი წერილები ატარებდა. კონგრესმენებს ვთხოვ, რომ როცა დემოკრატიის სახელით ასეთ განცახდებას გააკეთებენ, საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელ კომპანიებს მოუწოდონ, რომ პატივი სცენ საქართველოში ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას. ჩვენ ვართ ამაყი ხალხი, არ ვართ კოლონია, სადაც შეიძლება, რომ უცხო ქვეყნის კომპანიებმა ფული აკეთონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა, მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა.
ამერიკელი კონგრესმენი მიიჩნევს, რომ საქართველოში უარყოფითი ტენდენცია დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში შეუმჩნეველი არ დარჩენილა აშშ-ში.
მარკუეინ მალინის თქმით, ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და ექსპროპრიაციული თავდასხმის ობიექტები გახდნენ, რის მაგალითადაც „ფრონტერას“ ასახელებს.