კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები ქარხნის ამუშავებას და კომპენსაციის გაცემას ითხოვენ
დაბა აგარაში კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქარხანამ ნოემბრის დასაწყისში მუშაობა შეწყვიტა. აქციის მონაწილეები ქარხნის ამუშავებას და ამასთან, კომპენსაციის გაცემას ითხოვენ.
სოციალური პარტნიორობის ფარგლებში, ქარხნის თანამშრომლები ითხოვენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ქარხნის წარმომადგენლებმა და შპს „აგარის ქარხნის“ პროფკავშირებმა პრობლემის მოგვარებაზე ერთად იმუშაონ.
ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შემოდის დაბალხარისხიანი, უცხოური პროდუქცია და დაბალი ფასის გამო, „აგარის შაქარი“ კონკურენციას შემოტანილ შაქარს ვერ უწევს.
პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, „აგარის შაქრის“ კომპანიის სტიკერით სხვადასხვა კომპანია შაქარს ყიდის და ამაში ჩართულია ქარხნის ადმინისტრაცია.
აქციის მომაწილეები პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართულობას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
პროფკავშირების თავმჯდომარე ზაზა ალბორიშვილი აცხადებს, რომ პრობლემის მოუგვარებლობა აგარის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს.
ქარხანაში 481 თანამშრომელია და მათი უმრავლესობა აგარის მცხოვრებია.