კომპანია „აბიფარმი“ - მზადყოფნას ვუცხადებთ თითოეულ კლინიკასა და სამედიცინო დაწესებულებას, შესაძლებლობების ფარგლებში გავუწიოთ თანადგომა
სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლებას ანტიეპიდემიურ ქმედებებში და მზადყოფნას ვუცხადებთ თითოეულ კლინიკასა და სამედიცინო დაწესებულებას, შესაძლებლობების ფარგლებში გავუწიოთ თანადგომა, – ამის შესახებ ფარმაცევტული ქარხანა „აბიფარმის“ მიმართვაშია ნათქვამი.
განცხადებაში წერია, რომ კომპანია აგრძელებს მუშაობას სრული შემადგენლობით განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა კვლავ გააგრძელოს კლინიკების უზრუნველყოფა საჭირო მედიკამენტებით
„როგორც ცნობილია, მთელი მსოფლიო ებრძვის „ცოვიდ-19“-ის ვირუსით გამოწვეულ პანდემიას და შესაბამისად, საქართველოშიც გვაქვს ეპიდემიის სურათი. მოგეხსენებათ, ასეთ ვითარებაში, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მედიკამენტების დროული და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა. კომპანია „აბიფარმი“, რომელიც წარმოადგენს საქართველოში მეორე და მესამე თაობის სტერილური ანტიბიოტიკების ერთადერთ სრული ციკლის მწარმოებელს, თითქმის შვიდი წელია, ყველაზე მსხვილი ადგილობრივი მომწოდებელია ამ მიმართულებით.
კომპანია „აბიფარმი“ აგრძელებს მუშაობას სრული შემადგენლობით განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა კვლავ გააგრძელოს კლინიკების უზრუნველყოფა საჭირო მედიკამენტებით. ეპიდემიის საწყის ეტაპზე კომპანიამ მოახდინა ნედლეულისა და ყველა საჭირო მასალის აკუმულირება, რათა არ მომხდარიყო შეფერხება წარმოების პროცესში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში არ შეიქმნას ანტიბიოტიკების საინექციო ფორმების დეფიციტი.
აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლებას მათ მიერ განხორციელებულ ანტიეპიდემიურ ქმედებებში და მზადყოფნას ვუცხადებთ თითოეულ კლინიკასა და სამედიცინო დაწესებულებას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავუწიოთ თანადგომა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.