კომოდოს ვარანებს რკინით დაფარული კბილები აქვთ, რათა მსხვერპლი უკეთესად მოინადირონ — #1tvმეცნიერება
თითქოს ისედაც საოცრებები არ იყვნენ, ირკვევა, რომ კომოდის ვარანებს რკინის კბილები აქვთ.
ამ გასაოცარ მტაცებელთა ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ დაკბილული, გაცვეთილი კბილების კიდეებზე და წვერებზე მათ რკინის კონცენტრირებული დანალექები აქვთ, რაც კბილების სიბასრეს უზრუნველყოფს და ამ მონსტრებს მსხვერპლის უკეთესად განადგურებაში ეხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ გასაძლიერებლად კბილებში რკინა ბევრ ხერხემლიანს აქვს, კომოდის ვარანი (Varanus komodoensis) და ხერხისებრი კბილების მქონე სხვა მსგავსი სახეობები, იგივე ზიფოდონტები ამის ყველაზე საოცარ მაგალითს წარმოადგენენ ამ დრომდე ცნობილთა შორის.
უფრო მეტიც, კომოდოს ვარანის ბასრ კბილებზე იმდენი რკინაა კონცენტრირებული, რომ ისინი ნარინჯისფრადაა შეფერილი.
ამ დრომდე, ხერხემლიანთა წვეტიან კბილებში ლოკალიზებული რკინა არასოდეს იყო დაფიქსირებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კონკურენციაში უფრო მეტი სიბასრე უპირატესობას ნიშნავს, რამაც შეიძლება ცნობები იმის შესახებაც მოგვცეს, როგორ ანადგურებდნენ მსხვერპლს ყველაზე ულმობელი დინოზავრები.
„კომოდოს ვარანებს მოღუნული, ხერხიანი კბილები აქვთ, რითაც მსხვერპლს ისევე ფლეთენ, როგორც ამას ხორცისმჭამელი დინოზავრები აკეთებდნენ. ამ მსგავსების გამოყენებით, გვსურს, უფრო მეტი შევიტყოთ, როგორ ჭამდნენ დინოზავრები და მათაც ჰქონდათ თუ არა კბილებში რკინა“, — ამბობს ლონდონის კინგსის კოლეჯის პალეონტოლოგი აარონ ლებლანკი.
კომოდოს ვარანები მართლაც საოცარი ქმნილებები არიან.
ისინი არა მხოლოდ დღეისათვის უდიდესი ხვლიკები არიან (ყველაზე დიდი ეგზემპლარები 166 კილოგრამამდე იწონიან), არამედ ძლიერები, სწრაფები და ცბიერნიც; შეუძლიათ თავისზე გაცილებით დიდი მსხვერპლის მონადირება და ქერცლიანი კანის ქვეშ, მთელი ტანის გარშემო აქვთ ძვლის ჯავშანი.
კომოდოს ვარანები შთამბეჭდავი მონადირეები არიან. კბენისას მსხვერპლს წამლავენ ანტიკოაგულანტი (შედედების საწინააღმდეგო) შხამით, რომელიც მისი სისხლისგან დაცლას კიდევ უფრო აჩქარებს.
აქვთ ძლიერ ბასრი, ხერხისებრი, ნამგალივით მოღუნული კბილები.
ვინაიდან კომოდის ვარანები დღეისათვის უდიდესი ხვლიკები არიან და რადგან ასეთივე კბილები შემჩნეულია გადაშენებულ დინოზავრებშიც, მაგალითად, ტირანოზავრ რექსში, მიჩნეულია, რომ ამ საოცარმა ხვლიკებმა შეიძლება ბევრი ცნობა მოგვცენ იმის შესახებაც, როგორ კბენდნენ, ფლეთდნენ და ჭამდნენ დინოზავრები მსხვერპლს.
კომოდოს ვარანთა კბილების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მკვლევრებმა მამრი ვარანის, სახელად განასის კბილები შეისწავლეს, რომელიც ლონდონის ზოოპარკის ბინადარი იყო და 2023 წელს, განუკურნებელი დეგენერაციული ართრიტის დიაგნოზის შემდეგ დააძინეს.
განას სხეული შეინახეს და მკვლევრებს მისი კბილების სრულყოფილად შესწავლის საშუალება მიეცათ.
განასის კბილების შემადგენლობის შესასწავლად, მათ მოწინავე მიკროსკოპი და სპექტროსკოპი გამოიყენეს. ასე დადგინდა, რომ ხერხისებრი კიდეების და წვეტების გასწვრივ არსებული ნარინჯისფერი შეფერილობა ამ ადგილებში რკინის სეკვესტრირების შედეგია.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ადაპტაცია შეიძლება დინოზავრებსაც ჰქონდათ, მაგრამ როდესაც მკვლევრებმა დინოზავრების კბილები შეისწავლეს, ამის დადასტურება ვერ შეძლეს.
„სამწუხაროდ, ამ დროისათვის ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიის გამოყენებით, დინოზავრების განმარხებულ კბილებში ვერ ვადგენთ რკინის დონეს. ვფიქრობთ, განმარხების პროცესში ქიმიური ნივთიერებები იცვლება და შეუძლებელი ხდება დადგინდეს, რამდენი რკინა იყო კბილებში თავიდან“, — ამბობს ლებლანკი.
და რა თქმა უნდა, აღმოჩენა გარკვეულ ცნობებს თავად კომოდის ვარანების შესახებაც გვაწავლის.
„სამწუხაროდ, კომოდოს ვარანები საფრთხის ქვეშ არიან. ამიტომ, გარდა იმისა, რომ გავიღრმავებთ ცოდნას დინოზავრების შესახებ, აღმოჩენა ამ საოცარ ქვეწარმავალთა უკეთესად შესწავლის საშუალებასაც გვაძლევს, რაც მათ დაცვაში დაგვეხმარება“, — ამბობს ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების ჰერპეტოლოგი ბენიამინ ტეფლეი.
კვლევა Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.