კომიტეტის სხდომაზე გიორგი ვაშაძის საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას კამათი მოჰყვა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ვაშაძის საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კამათი მოჰყვა.
„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების ახლანდელი რედაქციის შეცვლას და ბოლო ცვლილებების მიღებამდე არსებული რედაქციის აღდგენას გულისხმობს.
„საბჭოთა არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მე ვფიქრობ, ეს დიდი უბედურებაა ამ ქვეყნის. ამიტომ წარმოვადგინეთ ცვლილება არსებულ კოდექსში. ასევე საბჭოთაა მიდგომა, როცა სანქციებს ზრდით. გინდა პროტესტის გამოხატვის მსურველი ადამიანები შეაშინო და ელემენტარულად პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა აღარ მისცე ამ ადამიანებს. ეს საბჭოთა მიდგომა გახასიათებთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“, რომ გაამკაცროთ სანქციები ყველაფერზე, რაც თქვენ არ გაწყობთ, რაც თქვენ არ გინდათ.
მაგალითად, თუ პაატა მანჯგალაძეს კვლავ დააკავებენ პროტესტის გამოხატვის დროს ან ლაშა დიაროვს მინიმუმ 3 500 ლარით დააჯარიმებენ და ზედა ზღვარი იქნება 4 500 ლარამდე, აქაც კი თქვენ შეუზღუდეთ დისკრეცია მოსამართლეს, მან თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენით დააჯარიმოს ლაშა დიაროვი და მისი შემოსავალი იკითხოს, რამდენია ლაშა დიაროვის შემოსავალი. არის მცირე შემოსავალი? აქედან გამომდინარე, ნაკლებით უნდა დავაჯარიმო.
რას ვუმტკიცებთ ერთმანეთს, რომ თქვენ გინდათ მართლწესრიგის დაცვა და ჩვენ არ გვინდა მართლწესრიგის დაცვა? ორჯერ ორი ოთხია, ვერ იქნება შვიდი. სად გეჩქარებოდათ? რა იყო ასეთი საჩქარო, რომ ერთ კვირაში არ მიგეღოთ. ერთადერთი რამ, თქვენი პოლიტიკური ინტერესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის განცხადებას უპასუხა კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სარჯველაძემ.
„90 დღიანი პატიმრობა გქონდათ, ბატონო გიორგი და ვის ედავებით და ვის ეკამათებით საერთოდ. ნამუსიც ხომ კარგი საქონელია? თქვენ დროს გაკეთებული ცვლილების შედეგად იყო 90 დღიანი პატიმრობა და დამთავრდა აქ ყველაფერი და კამათი. ეს არის პოპულიზმი და პოპულიზმის მიღმა ერთი მარტივი თემაა აქ, ძალიან მარტივად და თვალსაჩინოდ რაც ჩანს, თქვენ თვითონვე ბრძანეთ საკუთარსავე კანონპროექტზე რომ არ ვარგა 3 000 ლარიცო და ამაზე მაკამათებთ. რა აზრი აქვს ამ კანონპროექტის მხარდაჭერას, თქვენ თვითონ ამბობთ, არ ვარგაო და როგორ შეიძლება ამ კანონპროექტის მხარდაჭერა საერთოდ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად წვრილმანი ხულიგნობა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას უნდა ითვალისწინებდეს; ხოლო 173-ე მუხლი, რაც სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, უნდა ითვალისწინებდეს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება „ქართული ოცნების“ ინიცირებით 2021 წლის 29 აპრილს შევიდა. ცვლილებების თანახმად 166-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთი დღიდან 15 დღემდე ვადით. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას შვიდი დღიდან 15 დღემდე ვადით.