კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინების შემოტანას 25 ნოემბრიდან ელოდებიან
კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინების შემოტანას 25 ნოემბრიდან ელოდებიან

კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული, ოთხკომპონენტიანი ვაქცინის – „ვაქსიგრიპის“ პარტიას 25 ნოემბრიდან ელოდებიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს პრეპარატის იმპორტიორ კომპანია „ჯიპისიში“ განუცხადეს, ფრანგული კომპანიის მიერ ვაქცინების პარტიის საქართველოში შემოტანის თარიღად 25 ნოემბერი დადასტურდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მწარმოებელი სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მიღებულ შეკვეთებს ასრულებს.

ჯიპისის“ ინფორმაციით, „ვაქსიგრიპის“ 10-12 ათას დოზას ელოდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი პარტიების შეძენასაც არ გამორიცხავენ. ვაქცინის სარეალიზაციო ფასი ჯერ უცნობია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული წარმოების ვაქცინები კომერციულ ქსელში 15 ნოემბრიდან უნდა გამოჩენილიყო. ოქტომბრის ბოლოს „ჯიპისიმ“ 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების, სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანა, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში გახარჯული სამკომპონენტიანი ვაქცინების რაოდენობას 25 პროცენტით აღემატება. თუმცა, შესყიდული პრეპარატების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, მარაგი უკვე ამოიწურა.

ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა პრეპარატი შეიძინა „ავერსმა“, რაც უკვე გაიხარჯა. ფრანგული 1500 დოზა „ვაქსიგრიპი“ კი, ქსელში სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს შევა.

ამ დროისათვის, კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია.

ოთხკომპონენტიანი, 100 000 ერთეული ვაქცინა ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ შემოიტანა, რომელიც უფასო აცრებით რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს (შიდსითა და ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები, მედპერსონალი და სხვ.) უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით, აცრები უპირველესად, მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ. იქნება ვაქცინაციის „თავისუფალი დღეები“, როდესაც აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „თავისუფალ დღეს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს.

გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა.