კომაროვის სკოლის მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ
საქართველოს ნაკრების ექვსი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ინფორმაციას კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ავრცელებს.
საერთაშორისო ოლიმპიადა 7-14 ივლისს რუმინეთის ქალაქ კლუჟ ნაპოკაში გაიმართა.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მყოფი ნაკრები კომაროვის სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული: საბა ლეფსვერიძე, ნიკა ბირკაძე, თემო თოლორაია, სანდრო ხოხიაშვილი, დიმა კორკოტაშვილი და ლუკა მუშკუდიანი. მათგან საბა ლეფსვერიძე გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი, ხოლო დანარჩენმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს 107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კომაროვის სკოლის ინფორმაციით, ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა, გუნდურ ჩათვლაში 133 ქულა მოიპოვა და 27-ე ადგილი დაიკავა.
მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ.