კომაროვის სკოლის მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ
კომაროვის სკოლის მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს ნაკრების ექვსი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ინფორმაციას კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ავრცელებს.

საერთაშორისო ოლიმპიადა 7-14 ივლისს რუმინეთის ქალაქ კლუჟ ნაპოკაში გაიმართა.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მყოფი ნაკრები კომაროვის სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული: საბა ლეფსვერიძე, ნიკა ბირკაძე, თემო თოლორაია, სანდრო ხოხიაშვილი, დიმა კორკოტაშვილი და ლუკა მუშკუდიანი. მათგან საბა ლეფსვერიძე გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი, ხოლო დანარჩენმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

​მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს 107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კომაროვის სკოლის ინფორმაციით, ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა, გუნდურ ჩათვლაში 133 ქულა მოიპოვა და 27-ე ადგილი დაიკავა.

მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად შეირჩნენ.