კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის წინააღმდეგ სასწავლებელში გამართული აქციების გამო თანამდებობა დატოვა
კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის წინააღმდეგ სასწავლებელში გამართული აქციების გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მინუჩე შაფიქმა დაკავებული თანამდებობიდან წასვლა უნივერსიტეტში გამართული საპროტესტო აქციების დაშლის გადაწყვეტილების შესახებ აგორებული სკანდალის ფონზე გადაწყვიტა. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებდნენ.
სტუდენტებისთვის გაგზავნილ წერილში კოლუმბიის უნივერისტეტის პრეზიდენტი წერს, რომ „მან მძიმე პერიოდი გადაიტანა, როდესაც უნივერსიტეტში რთული იყო საზოგადოებაში არსებული უთანხმოების გადალახვა“.
ცნობისთვის, აპრილში შაფიქმა ნებართვა მისცა ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტს, ძალის გამოყენებით დაეშალა უმაღლესი სასწავლებლის კამპუსში მიმდინარე აქციის მონაწილეები. დააკავეს 100 სტუდენტი. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს იყო პირველი შემთხვევა ვიეტნამის ომის შემდეგ, როდესაც კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტები დააკავეს. ამ შემთხვევის გამო საპროტესტო ტალღა აშშ-ის ათობით სხვა სასწავლებელშიც აგორდა.
მინუჩე შაფიქი წარმოშობით ეგვიპტელი ეკონომისტია. ის წარსულში მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ინგლისის ბანკში მუშაობდა. ის ასევე იყო ლონდონის ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტიც.