კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

კოჯრის სამხედრო ნაწილში დაპირისპირების დროს დაშავებული ოთხი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ 1tv.ge-ს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უცნობია, რა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული კონფლიქტის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, თუმცა როგორც ბაზერაშვილმა აღნიშნა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე, კოჯორში მდებარე სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მომხდარის შედეგად დაშავდა ოთხი სამხედრო, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

კითხვაზე, იყო თუ არა სამხედროებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს გამოყენებული რაიმე ტიპის ცივი იარაღი, ბაზერაშვილი აცხადებს, რომ დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

​დზუსტებით ვერ გეტყვით. ახლა შემთხვევის ადგილს ვათვალიერებთ. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები“, – განაცხადა ბაზერაშვილმა.